ბუნებრივი აირი
"2026 – 2029 წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, გაზის დანაკარგი, მინიმუმ, 25%-ით შემცირდება"

ჩვენს ახალ გუნდს შემუშავებული აქვს სტრატეგია და 2026 წლიდან 2029 წლამდე გვაქვს კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მოემსახურება იმ მთავარ ამოცანას, რომ არსებული გაზის დანაკარგი შემცირდეს მინიმუმ 25 პროცენტით. ეს მიმართულება კიდევ გაგრძელდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციის პროგრამის და გაზის დანაკარგების შემცირების შესახებ.მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს შიდა მოხმარება წელიწადში 3 მლრდ 100 მლრ კუბურ მეტრს შეადგენს და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული 1000 კუბური მეტრის რაციონალურად გამოყენება.

"ბუნებრივი აირის შემთხვევაში ტარიფის არსებით ზრდას არ ველოდებით" - დავით ნარმანია

ბუნებრივი აირის შემთხვევაში აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულება, მათ შორის, შეღავათიანი გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით მომდევნო წლამდე მოქმედებს. ამიტომ ტარიფის არსებით ზრდას არ ველოდებით,  ძალიან უმნიშვნელო კორექტირებები იქნება, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.მისივე ინფორმაციით, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფები ევროპაში და რეგიონში ერთ-ერთი დაბალია და საქართველოზე დაბალი ტარიფი რეგიონში, მხოლოდ აზერბაიჯანს და თურქეთს აქვს. დავით ნარმანიას თქმით, მეტი ენერგიის წყაროს შექმნა ქვეყანაში საშური საქმეა."ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა და ამავდროულად ცხოვრების დონის გაუმჯობესება. შესაბამისად, წლიდან წლამდე ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება და ეს უნდა დავაბალანსოთ, ანუ მეტი ადგილობრივი გენერაციის წყარო უნდა შევქმნათ. ბოლო პერიოდში, 2 ჰიდროელექტრო სადგური შევიდა ექსპლუატაციაში და ამაზე დიდი ობიექტები ბოლო რამდენიმე წელი არ შექმნილა. ამავდროულად მოთხოვნა უფრო მეტად გაიზარდა და შესაბამისად, იმპორტდამოკიდებულება უფრო გაგვეზარდა. ამიტომ, ან ენერგია უნდა შემოვიტანოთ, ან შემოვიტანოთ ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან და როგორც ბოლო პერიოდში კეთდება, გარდაბნის თბოსადგურების მეშვეობით ამ ბუნებრივი აირიდან ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება. მეტი ადგილობრივი გენერაციის ობიექტი იმპორტდამოკიდებულების შესაძლებლობას მოგვცემდა", - აცხადებს დავით ნარმანია.რაც შეეხება კომისიის სხვა მიმართულებებს, მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვას - როგორც დავით ნარმანია აღნიშნავს, "სემეკი" თითოეული მომხმარებლის განცხადებაზე და საჩივარზე რეაგირებს."მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში 3000 საჩივარი გვაქვს მიღებული. მილიონ ლარამდეა ის თანხა, რომელიც არასწორად დარიცხული, ან ხანდაზმული დავალიანებების სახით ჩამოვაწერეთ მომხმარებლებს. გარდა ამისა, სემეკის მარეგულირებელი ნორმების და მომსახურების, კომერციული ხარისხის სტანდარტების დარღვევის გამო, ჩვენს მიერ კომუნალურ კომპანიებს მომხმარებლების სასარგებლოდ 5 700 000-ზე მეტი ლარის გადახდა დაეკისრათ. ეს არის მხოლოდ ფინანსური კომპონენტი, რითაც კომპანიებს ეტკინათ", - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.bp.ge 

გაზიფიცირების სამუშაოები თიანეთის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში მიმდინარეობს - ეკონომიკის სამინისტრო

მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში, გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაზსადენის მშენებლობის სამუშაოებს სოფლებში მაგრანეთსა და ნადოკრაში გაეცნო.„თიანეთის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის დასახლებებს ბუნებრივი აირით აქამდე არ უსარგებლიათ. გაზიფიცირების დასრულების შემდეგ როგორც საოჯახო მეურნეობები, ისე მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები შეძლებენ საკუთარი ენერგეტიკული მოთხოვნილებები სწორედ ბუნებრივი აირის მეშვეობით დაიკმაყოფილონ. ბუნებრივი აირის მოხმარება ასევე  მნიშვნელოვნად შეამცირებს მოთხოვნას ხე-ტყის რესურსზე, რაც დადებითად აისახება რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა. ჯუბო ტურაშვილის თქმით, გაზიფიცირების დასრულების შემდეგ, თიანეთის მუნიციპალიტეტის 1100-ზე ოჯახზე მეტს ბუნებრივი აირით სარგებლობის შესაძლებლობას ექნება.არსებული პროექტის თანახმად, ჯამურად 88 092 გრძივი მეტრი გაზსადენი აშენდება. როგორც თიანეთის მუნიციპალიტეტში, ისე მცხეთა - მთიანების მხარეში გაზიფიცირების სამუშაოები სხვადასხვა ეტაპზე მიმდინარეობს. უშუალოდ მხარეში სამთავრობო პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და ამ დროისათვის ბუნებრივ აირზე წვდომა 5 426 აბონენტს აქვს.რაც შეეხება უშუალოდ თიანეთის მუნიციპალიტეტს, ამ დროისთვის, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ისეთ სოფლებში, როგორიცაა ვეძათხევი, ზურაბები, დორეულები, ქვემო ნაქალაქარი, ზემო ნაქალაქარი, მაგრანეთი, ღულელები, კვირიასხევი, კვერნაული, ბალებისხევი, სიონთგორი და ნადოკრა. გაზიფიცირების სამთავრობო პროგრამის საფუძველზე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაგეგმილია 29 დასახლებულ პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რაც დაახლოებით 1562 აბონენტს მოიცავს.2013 – 2024 წლებში გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში ბუნებრივი აირის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება, ჯამურად, 380 ათასზე მეტ აბონენტს მიეცა. დღეისათვის საქართველოში აბონენტების დაახლოებით 93 პროცენტს (1,5 მლნ-ზე მეტს) ბუნებრივ აირთან წვდომა  აქვს.

"ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.5% იმპორტით დაკმაყოფილდა" - სემეკი

ბუნებრივი გაზის წილი ენერგიის ჯამურ მოხმარებაში მცირედით, თუმცა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი, ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.5% იმპორტით დაკმაყოფილდა.მათივე ცნობით, საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა; 2024 წელს ქვეყანაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა გაიზარდა 1,5%-ით და 3.011 მლრდ კუბ.მ შეადგინა."საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მოხმარებამ 2024 წელს 1,528 მლნ კუბ.მ შეადგინა, არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის კი – 1,483 მლნ კუბ.მ, მათ შორის 615 მლნ კუბ.მ თბოსადგურების მოხმარებაა.2024 წელს ბუნებრივი გაზის საბითუმო და საცალო ბაზრებზე საქმიანობას ახორციელებდა 30 მიმწოდებელი; საქართველოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბუნებრივი გაზის იმპორტი ქვეყანაში განახორციელა სამმა მიმწოდებელმა; საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომი ბუნებრივი გაზით საბითუმო დონეზე ვაჭრობა განახორციელა 11-მა მიმწოდებელმა, რომელთა შორის სამი უმსხვილესი მიმწოდებლის წილი 95%-ს შეადგენდა; 2024 წელს 2023 წელთან შედარებით გაზრდილია გათბობის გრადუს დღეების ოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით 2024 წელს შენობების უფრო მეტი გრადუსით გათბობა იყო საჭირო; 2024 წელს კვლავ გაგრძელდა ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირების პროცესი, რის შედეგადაც საცალო მომხმარებელთა რაოდენობამ (საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო) საანგარიშო წლის ბოლოს 1,603,788 შეადგინა", - ნათქვამია ინფორმაციაში.მათივე ინფორმაციით, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში ოპერირებდა 18 განაწილების ლიცენზიატი. მათ შორის სამი ყველაზე მსხვილი ლიცენზიატია (შპს „თბილისი-ენერჯი“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „საქორგგაზი“). აღნიშნულმა სამმა მსხვილმა განაწილების ლიცენზიატმა გაანაწილა მთლიანი განაწილებული გაზის 90%.bp.ge 

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მოწოდება დროებით 5000 აბონენტს შეუწყდა

"თბილისი ენერჯი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Energynews-ი უცვლელად გთავაზობთ:"გაზსადენის დაზიანების გამო დილის 9:00 საათიდან გაზის მოწოდება ავარიულად შეუწყდა :ზესტაფონის ქუჩის, ჭყონდიდელის ქ. 22-ში მდებარე შპს ,,გრადბურგ დეველოპმენტი”-ს, შპს ,,სვეტი ჯგუფი”-ს, შპს ,,ბინექსი”-ს, შპს ,,ლაიფ მასტერი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, ჭყონდიდელის ქ. 85-ში მდებარე შპს ,,ატლასის” საცხოვრებელი კორპუსის, ჭყონდიდელის ქ. 36, 36ა, 36ე, 36/2-ში მდებარე შპს ,,ოპტიმას” საცხოვრებელი კორპუსების, ჭყონდიდელის I ჩიხი 2-ში მდებარე შპს ,,კ სამი”-ს, სერგი ჭილაიას ქუჩის, ცოტნე დადიანის ქ. 150ა, 150ბ, მექანიზაციის ქ. 1-ში მდებარე შპს ,,ბინექსი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, თორნიკე ერისთავის ქ. 8, 29-ში (იგივე ჭყონდიდელის ქ. 105, 107, 109, 111, 113) მდებარე შპს ,,კიკვიძე-1-ის, შპს ,,კიკვიძე 2”-ის, შპს ,,ალფა რეზიდენსი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, ცისარტყელის, ბაგინეთის, წიწამურის, ბენდელიანის ჩიხის, ხვინგიას, ნათაძის, ეკა ბეჟანიშვილის ქ. 2, ეკა ბეჟანიშვილის ქ. 9-ში მდებარე შპს ,,ალაზანის” საცხოვრებელი კორპუსის, ნინუას ქ. 3, 5-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ქუთათელაძის, ჩრდილო ფარეხის ქ. 4-ში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს ,,ნილი”, შპს ,,ტკბილი ქვეყანა”, შპს ,,ანა ჯგუფი”, შპს ,,მითანა”, # 4 პურის ქარხანა, შპს ,,კოლხი”, შპს ,,ხაბაზი 77”, შპს ,,ლითენ თრიი”, შპს ,,ფაბრიკა 1900”, შპს ,,სოგური”, სს ,,კოლხეთი”, შპს ,,ჯორჯია”, შპს ,,ლაგი 98”, შპს ,,გლობალ თრეიდი”, # 12 საჯარო სკოლა, ი/მ თემურ ქომეთიანი, შპს ,,საქართველოს რკინიგზა”, სს ,,მრეწვრკინიგზა”, ი/მ ნური გურიელიძე, შპს ,,პრემიერა. ტმ”, შპს ,,ჰაიდელბერგ ჯორჯია”, შპს ,,პურპროდუქტების საწარმო-შირაქი”, შპს ,,ჯეო-ემ-ტექსი” და სხვა.გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს, 12 მარტს 15:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათისთვის."თბილისი ენერჯი" ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში,"-ნათქვამია "თბილისი ენერჯის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ბუნებრივი გაზის მომხმარებლებს მოუწოდებს, თუ ამ დრომდე ბუნებრივი გაზის მიწოდება მათთან არ არის აღდგენილი, სამსახურს მიაწოდონ ინფორმაცია (მისამართი, კორპუსი, საკონტაქტო პირი, ტელეფონის ნომერი),ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ნომერზე 2 42 01 90 ან სოციალური გვერდის საშუალებით: 

სემეკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:შპს „თბილისი ენერჯის“ საკუთრებაში არსებული 500 მმ-იანი დიამეტრის გაზსადენის ავარიულად დაზიანების გამო, 9 თებერვლიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა 150 000 აბონენტს. კომპანიის მიერ შესაბამისი ტექნიკური სამუშაოების შედეგად, ამ დრომდე გაზმომარაგება აღუდგა გათიშული აბონენტების 70%-ს. კომპანიის ინფორმაციით, აბონენტების დარჩენილი ნაწილის გაზმომარაგების აღდგენა დღეს, დღის ბოლომდე დასრულდება.500 მმ-იანი გაზსადენის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი უწყებების მიერ და შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას.გაზის მიწოდების აღდგენასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების დროული ინფორმირებულობის შესახებ მოქალაქეთა მხრიდან სხვადასხვა პლატფორმაზე (ქოლცენტრი, სოც.ქსელები) დაფიქსირებული პრეტენზიებიდან გამომდინარე,  სემეკში 17 თებერვალს გაიმართება შპს „თბილისი ენერჯის“ საჯარო მოსმენა.

"ვაკე-საბურთალოს 150 000-მდე აბონენტისთვის გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო" - "თბილისი ენერჯი"

დაზიანებულ ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 500 მმ-იანი მილი უკვე აღდგენილია - ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს.კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგების აღსადგენად მეორე, ყველაზე რთული ეტაპი დაიწყო. ამისთვის თბილისი ენერჯის შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულები არიან.შეგახსენებთ, რომ ავარიის შედეგად გაზმომარაგება 150 000 -მდე აბონენტს შეუწყდა. ქსელში გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო."ეს პროცესი დროს და სიფრთხილეს მოითხოვს, ამიტომ გთხოვთ ყურადღებით იყოთ - შეამოწმეთ გაზის ონკანები და არ დატოვოთ ისინი ღია მდგომარეობაში. გაზმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას სმს-ით მიიღებთ. თბილისი ენერჯი კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტის გამო. გაზმომარაგების აღდგენა უკვე დაიწყო და ეტაპობრივად დასრულდება 11 თებერვალს დღის ბოლომდე,"-ნათქვამია "თბილისი ენერჯის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სემეკი: "ვარკეთილაირის" აბონენტებს "თბილისი ენერჯი" ემსახურება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ)  საჯარო სხდომაზე შპს „ვარკეთილაირის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების შესახებ იმსჯელა. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ შპს „ვარკეთილაირის“ 100%-იანი წილის შეძენა და მთლიანი აქტივის  - გაზგამანაწილებელი ქსელისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის საკუთრებაში გადატანა.შპს „ვარკეთილაირის“ 18 200 აბონენტს შპს „თბილისი ენერჯი“ უწევს მომსახურებას.  აღნიშნულ აბონენტებზე ვრცელდება შპს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი ტარიფები (53,971 თეთრი/კუბ.მ) ნაცვლად შპს „ვარკეთილაირისთვის“ დადგენილი ტარიფისა (57,061 თეთრი/კუბ.მ).შპს „ვარკეთილაირი“ ოპერირებდა ვარკეთილისა და პატარა ლილოს დასახლებებში.

ილჰამ ალიევი: საქართველოში ტრანზიტის წყალობით, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი 11 ქვეყანას მიეწოდება

ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობა არსებობს ენერგეტიკის სფეროში, - ამის შესახებ  აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს განაცხადა.ილჰამ ალიევის თქმით, ეს ორივე ქვეყნის ინტერესებსა და მთელს რეგიონს ემსახურება.„განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ის პროექტები, რომლებსაც ერთობლივად ვახორციელებთ ნავთობის და ბუნებრივი აირის მიმართულებით. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ენერგოუსაფრთხოებას ბევრი ქვეყნისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ საქართველოში ტრანზიტის წყალობით აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი 11 ქვეყანას მიეწოდება, ექსპორტი მზარდია, 25 მლრდ კუბური მეტრი იყო გასულ წელს მისი მოცულობა და 10% ექსპორტიდან საქართველოს წილია.იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მივიღე საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარებაზე, 80% ამ აირიდან აზერბაიჯანიდან მოდის. ეს არის ნამდვილად აღსანიშნავი ფაქტი და განსაკუთრებული პროექტი. ეტაპობრივად, გეოგრაფია ჩვენი ბუნებრივი აირის ექსპორტის გაიზრდება, გაფართოვდება, როდესაც ახალი საბადოების ათვისება მოხდება მომდევნო წლებში. ახალი საბადოების აღმოჩენა მოხდება აზერბაიჯანში და ეტაპობრივად, ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ მწვანე ენერგიის პროექტზე ერთად და ესეც ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ პასუხისმგებლობიანი მთავრობები ვართ იმდენად, რამდენადაც არსებობს ამის აუცილებლობა, ამ ტიპის ენერგიის აუცილებლობა ბაზარზე და იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დღეს მივიღე, მწვანე ენერგიის პროექტი წარმატებით ხორციელდება და ბევრი სხვა პროექტის მსგავსად, ეს პროექტიც წარმატებული იქნება უდავოდ. ამის დიდი შანსი არსებობს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.