პოზიცია
"ენერგეტიკული უსაფრთხოება დღეს კიბერუსაფრთხოებაზეა დამოკიდებული" - ინგა ფხალაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ მონაწილეობა მიიღო  შეხვედრაში სახელწოდებით  „კიბერუსაფრთხოების/ინფორმაციის უსაფრთხოების სერთიფიკატის მიღება და დისკუსიები ენერგეტიკული სააგენტოებისთვის,“  რომელიც ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისა (ესკო) და მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული ჯგუფის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.  საკონსულტაციო-საინფორმაციო დისკუსიაში დონორი პარტნიორები, ხელისუფლებისა და  კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.ინგა ფხალაძემ თავის შესავალ სიტყვაში  ისაუბრა მთავრობის პოლიტიკის როლზე ენერგეტიკის სექტორის უსაფრთხოებაში, ასევე კიბერუსაფრთხოების მზარდ მნიშვნელობაზე ელექტროენერგიის, გაზის ბაზრებისა და გადამცემი ინფრასტრუქტურისთვის. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვამსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობას კიბერუსაფრთხოების განმტკიცების საქმეში და ესკოსთვის ISO 27001 სერტიფიკატის მინიჭებას თანამედროვე გამოწვევების მიმართ მზაობისა და საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის უზრუნველყოფისთვის.„ენერგეტიკული უსაფრთხოება დღეს კიბერუსაფრთხოებაზეა დამოკიდებული. საქართველომ რეალურ პროგრესს მიაღწია ენერგეტიკის სექტორის დაცვაში, მაგრამ კიბერუსაფრთხოება მუდმივად ცვალებადი სამიზნეა - რაც უფრო იზრდება საქართველოს  როლი  გაზითა და ელექტროენერგიით რეგიონულ ვაჭრობაში, მით უფრო იზრდება ჩვენი პასუხისმგებლობა იმ სისტემების დაცვაზე, რომლებიც ამ პროცესს უზრუნველყოფენ“ - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.მინისტრის მოადგილის შეფასებით, კიბერუსაფრთხოება აღარ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი – ეს არის ეროვნული მდგრადობის, ეკონომიკური სტაბილურობისა და რეგიონული სანდოობის ქვაკუთხედი.შეხვედრაზე ესკოს მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციითა და დისკუსიის პროცესში ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს კომპანიის  დაცულობისა და სანდოობის გაზრდის მიმართულებით კიბერუსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დანერგვისათვის ჩასატარებელი სამუშაოს  შესახებ. ენერგეტიკული უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტმა,  ერჰან გორმენმა პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობითა და თვალსაჩინო მაგალითებით ახსნა თანამედროვე მსოფლიოში კიბერდაცულობისა და კიბერშეტევის პრევენციის მნიშვნელობა ნებისმიერი სექტორისათვის, განსაკუთრებით კი ისეთ სტრატეგიულ სფეროში, როგორიც ენერგეტიკაა. საქართველოში მოქმედი სხვა ენერგოკომპანიებისათვის დახმარების მზადყოფნა გამოხატა  მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული მისიის ხელმძღვანელმა ფლორიან კიტმა.აღსანიშნავია, რომ 2025 წელს, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით, მსოფლიო ბანკის ენერგეტიკულ მისიასთან თანამშრომლობით გატარებული წარმატებული ღონისძიებებისა და განხორციელებული მნიშვნელოვანი სამუშაოების შედეგად, საქართველოს ენერგოკომპანიებს შორის პირველს მიენიჭა საერთაშორისო სტანდარტის — ISO 27001 სერტიფიკატი. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ESCO შეტანილია პირველი კატეგორიის საინფორმაციო სისტემების მქონე ორგანიზაციების ჩამონათვალში, რაც ითვალისწინებს ინფორმაციული უსაფრთხოების და ხარისხის მართვის მოქნილი სისტემების დანერგვას, თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებასა და ორგანიზაციის მზაობას კიბერშეტევების პრევენციისა და მათზე ეფექტური რეაგირებისათვის.

ინგა ფხალაძე: "შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის და "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" პროექტები მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოს, არამედ ევროპის ენერგო უსაფრთხოების კუთხითაც"

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის და „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტების მიმდინარეობის და მათი არამარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის ენერგო უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი როლის შესახებ ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ.როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ორი პროექტი, რომლებიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტრო კაბელების მოწყობას და დალაგებას მოიაზრებს, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. პირველი - საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტია, რომელიც საქართველოდან რუმინეთში ელექტროენერგიის ექსპორტს გულისხმობს და რომელსაც შემდგომ ლოგიკურად მოყვა მეორე, მასშტაბური „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტი საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის პარტნიორობით. „რასაკვირველია, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ძალიან სერიოზულ პერსპექტივას უხსნის ევროპასთან ვაჭრობის შესაძლებლობის მხრივ - რაც, გეოგრაფიული მონაცემებით, არ გაგვაჩნია. პროექტის შინაარსიდან გამომდინარე, ნათელი გახდა, რომ საქართველო თავისი ძალიან სერიოზული ადგილმდებარეობით პოტენციურად შეიძლება იყოს ენერგეტიკული ჰაბი, რომელიც აღმოსავლეთს დასავლეთთან დააკავშირებს. შესაბამისად, პროექტმა გამოიწვია ჩვენი მეზობელი ქვეყნების ძალიან დიდი ინტერესი და 2022 წლის დეკემბერში საფუძველი ჩაეყარა მეორე, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტს.  მათი განხორციელების შემთხვევაში საქართველო გაიმყარებს არამხოლოდ საკუთარ ენერგო დამოუკიდებლობას და უსაფრთხოების სტატუსს, არამედ ევროპასაც შესძენს ენერგო უსაფრთხოების საკმაოდ მაღალ ხარისხს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სიგრძე იქნება 1155 კმ-ზე მეტი (1115კმ წყალქვეშ, ხოლო 40 კმ ხმელეთზე), ძაბვა - 525 კვ, ხოლო სიმძლავრე - 1300 მგვტ. ინგა ფხალაძის ინფორმაციით, უკვე გაკეთებულია ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა ცნობილი იტალიური საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია CESI-ს მიერ. კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ პროექტი ტექნიკურად აბსოლუტურად მიზანშეწონილია. ახლა კი პროექტი ზღვის ფსკერის ტექნიკურ გამოკვლევის ფაზაზე  გადადის, რაც გულისხმობს გეოტექნიკურ და გეოფიზიკურ შესწავლას. „ტექნიკური დავალების შემუშავება  2026 წელს დასრულდება და 2027 წელს უკვე დაიწყება მისი განხორციელება. უნდა, აღინიშნოს, რომ პროექტისთვის ევროკავშირში უკვე ვართ სტატუსის მინიჭების კანდიდატები, გადაწყვეტილება ცნობილი გახდება 2026 წლის დასაწყისში. სტატუსის მონიჭება გულისხმობს ძალიან სერიოზულ ფინანსურ მხარდაჭერას, რაც ნიშნავს, რომ პროექტის განხორციელებაში საგრანტო კომპონენტი შემოვა. მთლიანად წყალქვეშა კაბელი 3,5 მილიარდი ევროს საინვესტიციო ღირებულების პროექტია“, - განაცხადა ინგა ფხალაძემ. რაც შეეხება „მწვანე ენერგეტიკულ დერეფანს“, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ეს კიდევ უფრო მსხვილი პროექტია, რომელიც მოიცავს 4,000 მგვტ სიმძლავრის  სამ კაბელს. პროექტის ფარგლებში ოთხივე ქვეყნის ჩართულობით ფუნქციონირებს ერთობლივი საწარმო. ინგა ფხალაძის პროგნოზით, 2026 წლის იანვრის ბოლოსთვის დამთავრდება ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანგარიშის მომზადება, რომელზეც ასევე იტალიური კომპანია CESI მუშაობს. 2027 წლის ბოლოსთვის ზღვის ფსკერის შესწავლაა დაგეგმილი.„მნიშვნელოვანია, რომ მწვანე ენერგეტიკის დერეფანში ელექტრო კაბელის გარდა მოვიაზრებთ წყალბადის მილის ჩადებასაც, რაც შესწავლის ფაზაშია. ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენი ქვეყანა ძალიან მდიდარია ჰიდრორესურსებით, რაც ასევე დიდ შესაძლებლობას იძლევა წყალბადის საწარმოებლად. შესაბამისად, საქართველოს შეუძლია მწვანე წყალბადის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს. ელექტრო კაბელების საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე განსაზღვრულია 10 -12 მლრდ ევრო, დაახლოებით ასეთივეა წყალბადის კაბელის ღირებულებაც“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ პროექტების მიმართ ძალიან დიდია დაინტერესება კერძო სექტორიდან  და შესაბამისად, მნიშვნელოვანი მოცულობის ინვესტიციის მოზიდვაა შესაძლებელი, მათ შორის პროექტის ინფრასტრუქტურულ კომპონენტში. ამასთან, როგორც ინგა ფხალაძე აღნიშნავს, ენერგეტიკა ძალიან დინამიურად განვითარებადი სექტორია და  მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყანას სიმძლავრეების მატების გეგმა აქვს, იქ აუცილებლად იყოს ქსელის და ინფრასტრუქტურის გაძლიერება-გაფართოებაც, რის გარეშეც მისი განხორციელება შეუძლებელი იქნება. „ჩვენი ხედვა ასეთია - უნისონში უნდა მოხდეს როგორც სტრატეგიის დახვეწა 10-წლიანი ხედვით, ასევე იმის გაანგარიშება, თუ რა იქნება საჭირო იმისთვის, რომ სექტორში სიმძლავრეების დამატება ფიზიკურად მოხდეს და ქვეყანას შესაძლებლობა მიეცეს, რომ გახდეს განახლებადი ენერგიების ნეტო-ექსპორტიორი ევროპის მიმართულებით“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

"მომხმარებლებმა რეგიონში ჩახსნილი გაზის დანადგარები სოფელში წაიღეს და დაამონტაჟეს" - ნინო გულეიშვილი

ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო გულეიშვილის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის სექტორში ჩატარებული მოკვლევისას გამოვლინდა, რომ მომხმარებლებმა რეგიონში ჩახსნილი დანადგარები, რომელიც თვითონ გამოცვალეს ან კომპანიამ ჩახსნა, სოფელში წაიღეს და დაამონტაჟეს.როგორც სექტორის წარმომადგენელი გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, აღნიშნული ხაზით 2 000-მდე  შემთხვევა გამოვლინდა, რაც დიდი პრობლემაა."წინა წელთან შედარებით, თბილისში დიდი სხვაობა, თუ რამდენ აბონენტთან მოხდა დანადგარის ჩახსნა მასშტაბური არ არის, როგორც რეგიონებშია. კომპანიებთან შეხვედრები ჩავატარეთ, გვინდოდა შეგვემოწმებინა რეგიონებში მასშტაბურ დარღვევებს რა იწვევს. დიდ პრობლემას იწვევს, როდესაც მომხმარებელი ქალაქში და ასევე სოფელში სახლს ფლობს, კერძოდ, როდესაც ქალაქში ჩახსნილი დანადგარები, რომელიც თვითონ გამოცვალა, ან კომპანიამ ჩახსნა, რადგან დაზიანებული იყო, სოფელში წაიღო და დაამონტაჟა. ცხადია, მსგავსი შემთხვევები კომპანიამ ქსელიდან ჩახსნა და გადამოწმებაც განახორციელა. 2 000-მდე მსგავსი შემთხვევა გვქონდა, როდესაც გადამოწმების შემდეგ კომპანიამ დარღვევა ისევ აღმოაჩინა და მომხმარებელს გაზის მიწოდება შეუწყვიტა.მომხმარებელზე სანქციები არ გვაქვს, რაც გარკვეულწილად პროცესებს აფერხებს. თბილისში ბევრად უფრო გაუმჯობესებული მაჩვენებელი გვაქვს, რასაც რეგიონებზე ვერ ვიტყვით" - აცხადებს ნინო გულეიშვილი.bp.ge 

მარიამ ქვრივიშვილი: მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ქვეყნის ტრანზიტულ - ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას

„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი უმნიშვნელოვანესია მასში ჩართული თითოეული ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერების კუთხით. პროექტის განხორციელებით გაძლიერდება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალის დასრულების შემდეგ.როგორც მინისტრმა აღნიშნა, მწვანე ენერგეტიკული დერეფნის იდეა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც საქართველომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, აღნიშნულ პროექტს ექნება უდიდესი როლი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის გაძლიერების და განვითარების კუთხით. მისი თქმით, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი გადამცემი ხაზით საქართველო და ევროპა ერთმანეთს დაუკავშირდება.„ამით, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტი განვახორციელოთ ევროპის ბაზარზე. ეს, თავის მხრივ, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და  ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალს გაზრდის,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკა საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორია. „ჩვენი ხელისუფლება ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ დარგი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, გვქონდეს მეტი შიდა გენერაცია, რათა უზრუნველვყოთ ენერგოდამოუკიდებლობა და გავზარდოთ ენერგოუსაფრთხოება. მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ქვეყნებს შორის, რომლითაც კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება საქართველოს ტრაზიტულ - ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია, საქართველო კი გახდება ევროპისა და აზიის დაკამავშირებელი ენერგეტიკული ჰაბი,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მე-11 მინისტერიალში, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად,  აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბოგლარკა ილეში და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ბუსოი მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ასევე აზერბაიჯანის, რუმინეთის, უნგრეთისა და ბულგარეთის ელჩები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო ელექტროსისტემის, სემეკის, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანი საქართველოს ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობაა

„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალზე, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის,  რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით თბილისში გაიმართა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ენერგეტიკის დარგში მიმდინარე რეფორმებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.მისი შეფასებით, დარგში მიმდინარე რეფორმები უზრუნველყოფს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის გამჭვირვალობას, კონკურენტუნარიანობასა და ინვესტორებისთვის მიმზიდველობას, რაც ასევე მნიშვნელოვანია  ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან უფრო მეტი ინტეგრაციისთვის.„ჩვენი მიზანია,  განახლებადი ენერგიის გამომუშავების სიმძლავრით,  მათ შორის ქარისა და მზის ენერგეტიკული პროექტებით, უკვე კარგად ჩამოყალიბებულ ჰიდროენერგეტიკულ ბაზასთან ერთად, საქართველო განახლებადი ენერგიის რეგიონული ცენტრი გახდეს“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ენერგიის შენახვის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოცხადებულია ტენდერები  200 მგვტ/სთ-ზე გათვლილი ბატარეის პროექტებისთვის, რომელთა განხორციელებაც გააუმჯობესებს სისტემის საიმედოობას და მოქნილობას. ამავდროულად, მინისტრის ინფორმაციით,  საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა აშენებს ევროპული სტანდარტების ახალ გადამცემ ხაზებსა და ქვესადგურებს, რომლებიც გააძლიერებს ქსელის საიმედოობას და ხელს შეუწყობს ახალი განახლებადი სიმძლავრის ეფექტურ ინტეგრაციას. ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმას და საკანონმდებლო ჰარმონიზაციას ევროკავშირის მეოთხე ენერგეტიკულ პაკეტთან,  რაც აქტიურად ხორციელდება. მწვანე ენერგეტიკული დერეფნის მინისტერიალში, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად,  აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბოგლარკა ილეში და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ბუსოი მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ასევე აღნიშნული ქვეყნების ელჩები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის,  რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ჩვეულებრივი ნავთობდიზელისა და ბიოდიზელის ბლენდირებაზე უნდა გადავიდეთ, გამოყენება დავიწყოთ" - მურმან პატარაია

"ბიოდიზელ ჯორჯიას" დირექტორის, მურმან პატარაიას ინფორმაციით, საქართველოში ბაზრის რეგულაციების სრული ჰარმონიზება უნდა მოხდეს და საბოლოო ჯამში, საფუძველი ბიოდიზელის მასშტაბურ წარმოებას ჩაეყაროს.როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" სექტორის წარმომადგენელი აცხადებს, აღნიშნული ინიციატივისთვის საჭიროა, ქვეყანა ეტაპობრივად ჩვეულებრივი ნავთობდიზელისა და ბიოდიზელის ბლენდირებაზე გადავიდეს და მისი გამოყენება დაიწყოს."ბიზნესმა საკუთარი ნაბიჯები უნდა გადადგას, მაგრამ შემხვედრი ნაბიჯები სახელმწიფოს მხრიდან კარგი იქნება, მსგავსი თანამშრომლობა ყოველთვის კარგი შედეგის მომტანია. რეგულაციების თემა ძალიან მნიშვნელოვანია - ვმუშაობთ რეგულაციებზე, დაწყებული ნედლეულის ხელმისაწვდომობით, ამასთან ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა, არაკეთილსინდისიერი კომპანიები ნედლეულზე ხელმისაწვდომობას ცდილობენ. ნედლეულზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით, როცა ნარჩენებზეა საუბარი დაკავშირებულია ინფრასტრუქტურასთან, ნებართვასთან, ლიცენზიასთან. კომპანიებს, რომლებსაც აღნიშნული ნედლეულის ბრუნვა, ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ, ცხადია, ნედლეულზე ხელმისაწვდომობა არ უნდა ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე, ბაზარი სწორად უნდა იყოს დარეგულირებული.გვჭირდება, რომ ეტაპობრივად ჩვეულებრივი ნავთობდიზელისა და ბიოდიზელის ბლენდირებაზე გადავიდეთ და ჩვენს ქვეყანაში მისი გამოყენება დავიწყოთ. აღნიშნულ მიმართულებას ნაწილობრივ იყენებენ აშშ-ში და შეიძლება ითქვას მთლიანად - ევროპის ქვეყნებში", - აცხადებს მურმან პატარაია.ცნობისთვის, ნავთობდიზელი წიაღისეული საწვავია, რომელიც მიიღება ნავთობის გადამუშავებით. ამასთან, ნავთობდიზელი ტრანსპორტში, მძიმე ტექნიკასა და აგრარულ სექტორში გამოიყენება.ბიოდიზელი განახლებადი ენერგიის წყაროა, რომელიც მზადდება მცენარეული ზეთებისაგან, ცხოველური ცხიმებისგან, ან გამოყენებული ზეთებისაგან. ამასთან, წარმოებისას ხდება ე.წ. ესტერიფიკაცია, კერძოდ ზეთისგან მიღებული ცხიმოვანი მჟავები დიზელის მსგავსი თვისებების მქონე საწვავად გარდაიქმნება.bp.ge 

"ენერგეტიკის სექტორი გაჯანსაღებას საჭიროებს - გენერაციამ ეკონომიკის განვითარებას უნდა გაუსწროს" - მაია მელიქიძე

განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის ინფორმაციით, ენერგეტიკის სექტორი გაჯანსაღებას საჭიროებს.როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში მაია მელიქიძე აღნიშნავს, გენერაციამ ეკონომიკის განვითარებას უნდა გაუსწროს.მისივე თქმით, დღეს სექტორში გარკვეული სახის გამოწვევები არსებობს, რაც ძირითადად უფრო მკაფიო და მკვეთრ სტრატეგიას უკავშირდება."რეალურად მართვის ახალ სისტემაზე გადავდივართ. კერძო სექტორმა უნდა მოიტანოს ფული, ინვესტიციებს ვგულისხმობ, პროფესიონალები დაასაქმოს, ძალიან ბევრი კითხვაზე პასუხი უნდა მივიღოთ. დღეს რაც გვაკლია უფრო მკაფიო და მკვეთრი სტრატეგიაა. გასაგებია, რომ დარეზერვებული სიმძლავრეების გამოთავისუფლება მოხდა, შემდეგი ეტაპი მიერთებებთან იქნება დაკავშირებული, ამასთან ამ ყველაფერს მესამე ტალღა ჰქონდეს არ გამოვრიცხავ. აღნიშნული საშუალებებით საბოლოო ჯამში, ე.წ. ველი მოსუფთავდება და შემდეგ უნდა მოხდეს ახალ ეტაპზე გადასვლა, რომელიც არა მარტო, ხელშეკრულებებია, არამედ აშენებული პროექტები - რაც ძალიან გვჭირდება. წელს ზაფხულში პირველად მოხდა, როდესაც ენერგეტიკის მოხმარების უზარმაზარი მაჩვენებელი გვქონდა და იძულებული ვიყავით, იმპორტი განგვეხორციელებინა. ამ ყველაფერს ვერ გავექცევით, მომავალ წელსაც არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი დღეები გვქონდეს.იმისათვის, რომ შედეგამდე მივიდეთ, მნიშვნელოვანია დიალოგი, ხიდების აგება, უბრალოდ დროა ძალიან კრიტიკული. ვფიქრობ, 2012 წლიდან 10 წელიწადზე მეტია გასული და როდესაც პროექტების გადავადება მოხდა, ამ ეტაპამდე მივედით. სექტორი გაჯანსაღებას საჭიროებს, ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით საიდან მოვდივართ?! ახალ ეტაპზე გადავედით - გენერაციამ ეკონომიკის განვითარებას უნდა გაუსწროს. საბოლოო ჯამში, უმსხვილესი პროექტი დავკარგეთ, რომელიც ნამახვანის ჰესია"- აცხადებს მაია მელიქიძე. bp.ge 

ლევან მჭედელაძე - "ენერგეტიკის სექტორში ბიზნესის მხრიდან სიმძლავრეების დარეზერვება ხდებოდა"

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრის  განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში ბიზნესის მხრიდან სიმძლავრეების დარეზერვება ხდებოდა, რაც ელექტროსისტემას დაგეგმარებისას მნიშვნელოვან პრობლემას უქმნიდა.როგორც ლევან მჭედელაძემ„ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, ბევრი პროექტი აღმოჩნდა, რომ არის მხოლოდ ფურცელზე."ათწლიანი გეგმის სწორად დაგეგმვა და პროექტების შერჩევა დამოკიდებულია ინვესტორების მოთხოვნაზე. პირველი ხარვეზი, რასაც წავაწყდით პრობლემების იდენტიფიცირების დროს არის ის, რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა ელექტროსადგურების მშენებლობაზე, რაც ერთი შეხედვით კარგია, თუმცა ბევრი ბიზნესპროექტი აღმოჩნდა, რომ არის მხოლოდ  ფურცელზე. ბიზნესის მხრიდან  გაჩნდა ერთგვარი დამოკიდებულება, რომ სჯობს ბიზნესმა ქსელთან მიერთების  გარანტია შეიქმნას. თუმცა  ამის პრობლემა არასდროს არ დგას თუ ქსელის განვითარება სწორადაა დაგეგმილი.  დავარქვათ ამას სიმძლავრის დარეზერვება , რაც ელექტროსისტემას უქმნიდა სერიოზულ პრობლემას დაგეგმარებისას. თუ ვამბობთ რომ სისტემას შეიძლება დაემატოს 3000-4000 მეგავატი, მაგრამ არ ვიცით სად, ჩვენ ვერ ვაიდენტიფიცირებთ  რომელ რეგიონში რომელ ქსელს სჭირდება განვითარება“-აღნიშნა ლევან მჭედელაძემ. .მისივე თქმით, სიმძლავრეების დარეზერვების შედეგი გამოჩნდა ახლა,  როცა გვაქვს მოთხოვნის სიჭარბე და მის მიხედვით დაგეგმილი ქსელის განვითარება.„სიღრმისეულად თუ შევხედავთ  რეალური მოთხოვნა სხვაგვარია და ქსელის განვითარების სულ სხვა საჭიროებებია. ამიტომ არის  მისაღები სტრატეგიული გადაწყვეტილებები და ამიტომ  ვდგავართ ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის საჭიროების წინაშე“-აღნიშნა ლევან მჭედელაძემ.მისივე განმარტებით, ენერგეტიკის სექტორში უკვე არსებობს ბევრი ინიციატივა, საინვესტიციო პროექტი, რომელიც ელოდება შესაბამის გადაწყვეტილებას.bp.ge 

"10 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაზე კასპიის ზღვიდან დასავლეთის მიმართულებით გაიარა 2.5 მლრდ ბარელზე მეტმა ნავთობმა"

გასული ათი წლის განმავლობაში ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ  ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მიზანია,  კიდევ უფრო მეტად განავითაროს დაკავშირებადობის პოტენციალი და ამას ემსახურება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება.„ჩვენ ვართ თავიდან ბოლომდე ორიენტირებული თანამშრომლობაზე და მოხარულები ვართ, რომ დღეს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ვართ გაერთიანებულები მშვიდობის იდეის გარშემო. აქ სწორად აღინიშნა ყველას მიერ, რომ მშვიდობა არის განვითარების აუცილებელი პირობა და უნდა გავაგრძელოთ ამ სულისკვეთებით მოქმედება. ვიდეორგოლში იყო წარმოდგენილი საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გეგმები აქვს ჩვენს ქვეყანას, თუმცა, დამატებით მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად, გეგმები არის ამბიციური, ძალიან დიდი ინვესტიციები იდება ჩვენი ქვეყნის მიერ სხვადასხვა მიმართულებით. ეს ეხება ჩქაროსნული მაგისტრალების, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, პორტების, აეროპორტების.რა თქმა უნდა, ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში თანამშრომლობის განვითარებას. საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ბუნებრივი როლი აქვს ჩვენს რეგიონში. ჩვენ ვაკავშირებთ სულ მცირე შვიდ ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყანას შავ ზღვასთან და შესაბამისად, დასავლეთთან, ევროპასთან და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც ამ კუთხით აქვს ჩვენს ქვეყანას. დღევანდელი მოცემულობაც არის საკმაოდ კარგი. ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ გასული ათი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით. მაგალითად, საკონტეინერო გადაზიდვებთან დაკავშირებით 2023 და 2024 წლებს შორის თხუთმეტმაგი სხვაობა იყო ჩინეთიდან ტვირთების გადაზიდვის კუთხით. რაც შეეხება ენერგეტიკულ დაკავშირებადობას, აქაც გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. ათი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაზე კასპიის ზღვიდან დასავლეთის მიმართულებით გაიარა 2,5 მილიარდ ბარელზე მეტმა ნავთობმა. 127 მილიარდმა კუბურმა მეტრმა ბუნებრივმა გაზმა. რა თქმა უნდა ეს მონაცემები არის შთამბეჭდავი და ეს ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ეკონომიკური კავშირების განვითარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას შორის. ეს არის ჩვენი მიზანი, მაქსიმალურად, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეს პოტენციალი და ამას ემსახურება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ამბიციური გეგმები აქვს ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის მიმართულებითაც.„როდესაც საუბარია ენერგეტიკულ და ციფრულ დაკავშირებადობაზე, აქაც გვაქვს ამბიციური გეგმები. გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ჩამოყალიბდეს რეგიონის ციფრულ ჰაბად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც ხორციელდება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ შუა დერეფნის იდეის განვითარებაში. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, ჩვენს გარშემო. ეს არის ევროპასა და აზიას შორის მყარი ეკონომიკური კავშირების უზრუნველყოფისთვის და ჩვენი ქვეყანა მზად არის ამ ყველაფერში თავისი წვლილი შეიტანოს“, - განაცხადა პრემიერმა.

"ენგურჰესი" გამართულად და საიმედოდ მუშაობს - სპეციალური განცხადება

შპს "ენგურჰესი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ენერგონიუსი" უცვლელად გთავაზობთ:"ცალკეულმა მედიასაშუალებებმა და ინტერნეტგვერდებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს ღვარცოფმა "ენგურჰესი" დააზიანა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ 22 სექტემბერს, სამეგრელოსა და აფხაზეთში მოსულმა უხვმა ნალექმა და ღვარცოფმა გარკვეულწილად დააზიანა "ენგურჰესის" მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა. საუბარია ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არანაირ გავლენას არ ახდენს ელექტროენერგიის გამომუშავებაზე, საწარმოს ფუნქციონირებასა და მის საიმედოობაზე.შესაბამისად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ "ენგურჰესი" გამართულად და საიმედოდ მუშაობს, საწარმო ერთიან ქსელში ჩართულია და ელექტროენერგიის გამომუშავება შეუფერხებლად მიმდინარეობს.მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში,"-ნათქვამია შპს "ენგურჰესის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.