ალტერნატიული ენერგია
"ჩინური კომპანიები ქართული ენერგეტიკული ბაზრით აქტიურად ინტერესდებიან" - მამუკა მიქაშავიძე

საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციის პრეზიდენტის, მამუკა მიქაშავიძის ინფორმაციით, ჩინური კომპანიები ქართული ენერგეტიკული ბაზრით აქტიურად ინტერესდებიან, რაც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს გეგმას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელით ევროპას დაუკავშირდეს და ჭარბი განახლებადი ენერგია აწარმოოს.როგორც გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ზე" მამუკა მიქაშავიძე აღნიშნავს, მწვანე ენერგიის განვითარებას აქამდე მონოპოლისტური ქსელები აფერხებდნენ, თუმცა ქარის ელექტროსადგურების პირდაპირ სახელმწიფო ქსელში მიერთების შემთხვევაში, ქვეყანას რეალური შესაძლებლობა ექნება ელექტროენერგია, დაახლოებით 45%-ით გააიაფოს."ჩინური კომპანიები ქართული ბაზრით იმ მიზეზით ინტერესდებიან, რომ საქართველო ევროპასთან წყალქვეშა კაბელით დაკავშირებას გეგმავს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანამ ჭარბი განახლებადი ენერგია უნდა აწარმოოს. საქართველოს ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს, რადგან ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად განვითარდა და სახელმწიფოს დიდი ენერგეტიკული პოტენციალი გააჩნია. აქამდე ახალი გენერაციის ობიექტების ქსელში ჩართვას მონოპოლისტური ქსელები აფერხებდნენ, მაღალი ტარიფებიც მოქმედებდა, რის გამოც ბევრი პროექტი შეჩერებული იყო.ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ახალი გენერაციის ობიექტები პირდაპირ სახელმწიფო ქსელს შეუერთდეს. ეს საშუალებას მოგვცემს, ელექტროენერგია გაცილებით დაბალ ფასად მივიღოთ. თუ ქარის ელექტროსადგურები პირდაპირ სახელმწიფო ქსელში ჩაერთვება, ქვეყანას დაახლოებით 45%-ით იაფი ელექტროენერგია ექნება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება, როგორც სოციალური, ისე საწარმოო მიმართულებით. ეს ყველაფერი სრულიად რეალისტურია", - აღნიშნავს მამუკა მიქაშავიძე.bp.ge 

"საქართველო აქტიურად უწყობს ხელს განახლებადი ენერგიის განვითარებას" - მარიამ ქვრივიშვილი

„ენერგიაზე მზარდი მოთხოვნა, გეოპოლიტიკური გამოწვევები, ბაზრის არასტაბილურობა და კლიმატთან დაკავშირებული ვალდებულებები მოითხოვს თანამშრომლობის გაძლიერებას, ენერგიის წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციას, ასევე მდგრადი და მოქნილი ენერგეტიკული სისტემების განვითარების დაჩქარებას“ -  ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლში ბუნებრივი რესურსების სამიტზე - INRES 2026 ენერგეტიკის მინისტრთა პანელზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მინისტრის შეფასებით, ამ კონტექსტში საქართველო რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების, ფართო ენერგეტიკულ უსაფრთხოების და დაკავშირებადობაში წვლილის შეტანის იდეის ერთგულია."სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, საქართველო განაგრძობს საიმედო სატრანზიტო და დამაკავშირებელი დერეფნის მნიშვნელოვანი როლის შესრულებას, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს.  საქართველო აქტიურად უწყობს ხელს განახლებადი ენერგიის განვითარებას და ხელსაყრელ პირობებს ქმნის საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ჰიდროენერგეტიკა ჩვენი განახლებადი ენერგიის წარმოების ხერხემალია,  ხოლო ქარისა და მზის პროექტები სწრაფად ვითარდება და სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. საქართველოს მთავრობა ორიენტირებულია გამჭვირვალე და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი მარეგულირებელი ჩარჩოს შენარჩუნებაზე, რათა მხარი დაუჭიროს მწვანე ენერგეტიკის განვითარებას და განამტკიცოს გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.სტამბოლში გამართულ ბუნებრივი რესურსების  სამიტს, რომელიც  თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გახსნა, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად  ენერგეტიკისა და სამთო-მოპოვებითი სექტორის წამყვანი კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მარიამ ქვრივიშვილთან ერთად სტამბოლში იმყოფებოდა მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.

ქუთაისთან ახლოს 43 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

"გრინ ენერჯი ჰოლდინგი" ქუთაისთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე 43 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. პროექტი, რომელიც 7 ერთეული ქარის ტურბინის განთავსებას გულისხმობს, ამ დროისთვის კვლევის ეტაპზეა.როგორც ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას" და "გრინ ენერჯი ჰოლდინგის" მმართველმა დირექტორმა "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას განმარტა, პროექტთან დაკავშირებული დეტალური პარამეტრები ივლისის ბოლომდე დაზუსტდება."ქარის ენერგეტიკა არასტაბილურობით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, მასზე სრულად აქცენტის გაკეთება არ გამოვა. ამიტომაა სწორედ საჭირო მარეგულირებელი სადგურების მშენებლობა, ჰიდროენერგეტიკის განვითარება, რომ შესაძლებელი გახდეს  ქარის არასტაბილური ენერგიის დაერთება განხორციელდეს ქსელზე,"-აღნიშნა გიორგი შუკაკიძემ."ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას" და "გრინ ენერჯი ჰოლდინგის" პორტფელში საერთო ჯამში 100 მეგავატი სიმძლავრის პროექტებია. მათი ნაწილი სამშენებლო ფაზაზეა, ნაწილი კი უკვე ექსპლუატაციაშია შესული.ჰოლდინგის მიერ დაგეგმილი პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მლნ დოლარის ფარგლებშია. bp.ge 

სემეკმა "ზემო ვინდის" ქარის ელექტროსადგურზე ლიცენზია გასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ზემო ვინდის“ ქარის ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა.ქარის ელექტროსადგური მდებარეობს  კასპის მუნიციპალიტეტში. სადგურის დადგმული სიმძლავრეა 18.75 მგვტ, ხოლო საპროექტო წლიური გამომუშავება  67.20 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს.შპს “ზემო ვინდის” საკუთრებაში არსებული ქარის ელექტროსადგური  3  აგრეგატისგან შედგება. თითოეული აგრეგატის დადგმული სიმძლავრეა 6.25 მგვტ.

მარიამ ქვრივიშვილი: მალე წარმოვადგენთ ახალ პროექტს, რომლითაც მოხდება "ენგურჰესის" რესურსის ოპტიმიზაცია

„ენგურჰესი“ ჩვენი ენერგეტიკის სექტორის ხერხემალია, - აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დებატებში მონაწილეობისას განაცხადა.მინისტრის განცხადებით, ენგურჰესში მიმდინარეობს რთული, თუმცა აუცილებელი რეფორმა, რომელიც მოიცავს საკადრო, ოპერაციულ და ტექნიკურ მიმართულებებს.„ძალიან რთული, თუმცა კომპლექსური და ძალიან საჭირო რეფორმა მიმდინარეობს დღეს ენგურჰესში, მათ შორის, საკადრო, ისევე როგორც სხვა საოპერაციო და ტექნიკური და ჩვენ, მიმდინარე პერიოდში, ძალიან მალე წარმოვადგენთ მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომლითაც მოხდება ყოველწლიურად ენგურჰესის  რესურსის ოპტიმიზაცია, გაჯანსაღება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ინფრასტრუქტურულ ჩარევებს იმისთვის, რომ ჰესმა განაგრძოს მეტი სარგებლის მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კახა კალაძე: "ნამახვანჰესის" მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან პარიზის სააპელაციოს მიერ „ნამახვანჰესის“ საქმეზე $400 მლნ-ის გადახდის აღსრულების შეჩერების ფაქტს გამოეხმაურა.მისივე განმარტებით, „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტები იძლევა საშუალებას, ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით იყოს დამოუკიდებელი და შეძლოს მისი ექსპორტირება.„ჩვენი ქვეყანა ბუნებრივი რესურსებით მდიდარია. რაციონალურად უნდა ვიმოქმედოთ, რესურსები ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესში შედის, ენერგეტიკული თვალსაზრისით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა იყოს და მეტიც, შევძლოთ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის გატანა ექსპორტზე, თურქეთში და მისი გავლით ევროპულ ქვეყნებში. საიდან ვიღებთ ელექტროენერგიის დიდ ნაწილს? ერთი, გამოვიმუშავებთ ჩვენ თვითონ, ასევე, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, შემოგვაქვს რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან. იმას, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე და გვქონდეს საკუთარი ელექტროენერგია, შევძლოთ მისი ექსპორტზე გატანა, „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტები ძალიან უწყობს ხელს“, - განაცხადა კახა კალაძე.თბილისის მერის თქმით, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ხშირად კონკრეტული ჯგუფები, მათ შორის არასამთავრობო სექტორი აპროტესტებდა, რის გამოც ქვეყნის გარედან ფინანსდებოდნენ.„ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია. ისიც კარგად ვიცით, ვის ინტერესში შედის, რომ საქართველო დამოკიდებული იყოს ელექტროენერგიის თვალსაზრისით მეზობელ ქვეყნებზე. ენერგეტიკის მინისტრი რომ ვიყავი არასამთავრობო სექტორი ხშირად აპროტესტებდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას. ამისთვის ისინი ქვეყნის გარედან ფინანსდებოდნენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

"ხუდონჰესის პროექტი დღეს ყველაზე აქტუალურია, სადაც სახელმწიფოს ჩართულობა გადამწყვეტია" - ნინა გადელია

ხუდონჰესის პროექტი დღეს ყველაზე აქტუალურია და ზოგადად, ჰიდროელექტროსადგურების განვითარებას საქართველოში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ Shine Energy-ს დამფუძნებელმა ნინა გადელიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" დილის ეთერში განაცხადა.მისივე ინფორმაციით, ხუდონჰესის პროექტის წარმატებით განხორციელებაში გადამწყვეტ როლს სახელმწიფოს ჩართულობა, ინვესტორთა ნდობა და მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია ასრულებს."ძალიან დიდი რესურსი გვაქვს, რომ ჰიდროელექტროსადგურების მიმართულება, სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებთან ერთად, ავითვისოთ. ჩვენ სწორედ, მზის ელექტროსადგურების სამშენებლო კომპანიას წარმოვადგენთ. სახელმწიფოს ჩართულობა გადამწყვეტია განსაკუთრებით, ხუდონჰესის ნაწილში, რადგან ჩვენ სხვა ჰესებთან დაკავშირებითაც ძალიან დიდი პრობლემები გვქონდა და ფაქტობრივად, დღეს ქვეყანაში საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან სერიოზული უნდობლობაა. მოგეხსენებათ, რომ ზოგადად განახლებადი ენერგიის ამ მასშტაბის მშენებლობა ძალიან დიდ საინვესტიციო ხარჯებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ეს თანხები აუცილებლად იქნება ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან მიღებული, ან კერძო ინვესტიციებით, რომელიც საერთაშორისო ბაზრებიდან წამოვა. ამიტომ სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ნაწილში არის რიგი გამოწვევები და ეს ყველამ კარგად ვიცით. ეს არის მოსახლეობასთან ურთიერთობის პრობლემები, ცნობიერების ნაკლებობა. მოსახლეობა ხედავს რისკებს, რომ პროექტი გარემოს ნაწილში გარკვეულ გამოწვევებს ქმნის და აქ უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია, სახელმწიფოს უფრო მეტად ჩართულობა, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს საბოლოო ჯამში პროექტის წარმატებით განხორციელებაში. იმისთვის, რომ (პროექტი) ინვესტორისთვის საინტერესო გახდეს - ალბათ, სამშენებლო ფაზის პირველი ეტაპი მაინც უნდა დაიწყოს და როგორც პრემიერმა თქვა სახელმწიფომ შესაძლოა ფინანსური კონტრიბუციაც კი განახორციელოს ამ პროექტში. ეს თავის მხრივ ალბათ გულისხმობს იმას, რომ პროექტი გარკვეულ ფაზამდე მივიდეს და როცა ამ იმპულსებს დაინახავს ინვესტორი შემდეგ ფაზებზე გადავა, რაც საბოლოო ჯამში სადგურის ექსპლუატაციას გულისხმობს"- განაცხადა ნინა გადელიამ.შეგახსენებთ,საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  26 იანვარს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო უშუალოდ ამუშავებს "ხუდონჰესის" პროექტს, მათ შორის იმისათვის, რომ გაამზადოს წინადადებები ინვესტორებისთვის. „დღეს არ არის გამოკვეთილი არც ერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ის იქნება დაკავებული „ხუდონჰესის“ პროექტით. დღეს ეკონომიკის სამინისტრო უშუალოდ ამუშავებს ამ პროექტს, მათ შორის იმისათვის, რომ გაამზადოს წინადადებები ინვესტორებისთვის. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი, რომელიც მაქსიმალურად სწრაფი ტემპით განხორციელდება. ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი დავალება, რაზეც აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტროს მთელი გუნდი, მათ შორის პირველ რიგში ენერგეტიკის სფეროში მომუშავე გუნდი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.bp.ge 

"გვაქვს შესაძლებლობა, მოვიზიდოთ ინვესტიციები ჰიდროგენერგეტიკულ, მზის და ქარის ენერგიის სფეროებში" - პრემიერი

საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით. ჩვენ მხოლოდ 20%-ს ვიყენებთ  ამ ჰიდრორესურსების, რაც ძალიან დიდ შესაძლებლობას ქმნის ჩვენთვის, განვავითაროთ ეს სექტორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ ლიდერთა დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემა იყო - შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.მთავრობის მეთაურმა ენერგეტიკის სექტორის განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ქვეყანაში. საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით. ჩვენ მხოლოდ 20%-ს ვიყენებთ  ამ ჰიდრორესურსების, რაც ძალიან დიდ შესაძლებლობას ქმნის ჩვენთვის, რომ განვავითაროთ ეს სექტორი. ჩვენ განსაკუთრებული გეგმა გვაქვს ამ მიმართულებით ენერგოსექტორის განვითარებისთვის, ეს არის ჩვენი არსებული გეგმა 2026 წლის განმავლობაში. გვინდა, რომ გენერაციის წარმადობა 2.5-ჯერ გაიზარდოს. ეს არის ამბიციური გეგმა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მოვიზიდოთ ინვესტორები. ეს ძალიან სასარგებლო იქნება ჰიდროენერგეტიკულ სექტორში ინვესტირებისთვის საქართველოში“, -  აღნიშნა პრემიერმა.ირაკლი კობახიძემ  ისაუბრა ინვესტიციების მოზიდვაზე მზის და ქარის ენერგიის სფეროში.„ასევე, შეგვიძლია მოვიზიდოთ ინვესტიციები მზის და ქარის ენერგიის სფეროში და გეგმაც არსებობს ამისთვის. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს განხორციელებული მთავრობის და ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებით. ამიტომ, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ამ თემასთან დაკავშირებით. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სრული თვითკმარობა შევქმნათ 2030 წლისთვის და ევროპულ ბაზარზე გავიტანოთ გამომუშავებული ენერგია. ამისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობები არსებობს და მიმაჩნია, რომ ეს პერსპექტივა 2026 წელს იქნება გამოყენებული და ექსპორტზე გავალთ ევროპულ ბაზარზე“, -  განაცხადა პრემიერმა.

ინგა ფხალაძე: ინტენსიურად განვიხილავთ სტრატეგიული ჰესების მშენებლობას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ინგა ფხალაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა,  ენერგეტიკული სტრატეგიის შესაბამისად, აქტიურად  მუშაობს 10-წლიან სამოქმედო გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში უნდა აშენდეს ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტები, მათ შორის, ჰიდროენერგიის, მზისა და ქარის სადგურები.„ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში ძალიან ინტენსიურად განვიხილავთ მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ჰესების მშენებლობას, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებს ქვეყნის შიდა მოხმარებას, თითქმის გაანულებს იმპორტის საჭიროებას და გაზრდის ელექტროენერგიის  საექსპორტო შესაძლებლობებს, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში  შავი ზღვის წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელის მეშვეობით“ - აღნიშნა ინგა ფხალაძემ. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ამ პროცესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ქსელის მოდერნიზაცია და გაფართოება.„ძალიან დიდი სამუშაოა გასაწევი იმისთვის, რომ მოხდეს ქსელის აღდგენა და გაფართოება. ელექტროენერგეტიკულ ქსელს უნდა შეეძლოს ახალი გენერაციის მიღება და გატარება, რომელიც, მაგალითად,  უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში შეემატება ქვეყანას. ჩვენ ვამუშავებთ გეგმებს, რომლებიც ითვალისწინებს  ქსელის გაფართოებას, გარემონტებას, ასევე იმ ლიცენზიებისა და მემორანდუმების დახვეწას,  რომლებიც სინქრონულად ოპერირების წარმართვისთვის არის მნიშვნელოვანი“ - განმარტა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. როგორც ინგა ფხალაძემ აღნიშნა, ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც დღეს ეკონომიკის სამინისტროში მუშავდება, პირდაპირ მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისკენ და იმ მიზნებისკენ, რომ მოხდეს ქვეყნის ინტეგრაცია როგორც მეზობელი, ისე ევროპული ქვეყნების ბაზრებთან ელექტროენერგიით ძალიან გამართულ, წარმატებულ ვაჭრობაში.

საქართველოში, პირველი ინდუსტრიული მასშტაბის, თვითმოხმარების მზის ელექტროსადგური აშენდება

საქართველოში, პირველი ინდუსტრიული მასშტაბის, თვითმოხმარების,  First Light-ის 24 მგვ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური აშენდება. პროექტს მზის პანელების მწარმოებელი, ენერგიის შემნახველი ბატარეების სისტემების, EPC და O&M სერვისის მიმწოდებელი ამერიკული კომპანია ASTORIOS Holding Inc-ი განახორციელებს.ამერიკული კომპანიის ინფორმაციით, მზის ელექტროსადგური მთლიანად მოემსახურება სს „რუსთავი აზოტს“ (JSC Rustavi Azot), კორპორაცია ინდორამას წევრ საწარმოს.24 მეგავატი (MWp) პიკური სიმძლავრის მზის ელექტროსადგური  29 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსდება. მზის ელექტროსადგურის სიმძლავრე 23,924.68 კილოვატ-პიკია (kWp), ხოლო მოსალოდნელი წლიური გამომუშავება — 38 მეგავატსაათს აღემატება (MWh)."გამომუშავებული ენერგია სრულად იქნება ათვისებული სს „რუსთავი აზოტი“-ს ენერგოინტენსიური საჭიროებებისთვის, რაც კომპანიას რეგიონში ერთ-ერთ პირველ და უდიდეს ინდუსტრიულ საწარმოდ აქცევს, რომელიც მზის ენერგიას ამ მასშტაბით გამოიყენებს,"-აღნიშნულია კომპანია ASTORIOS Holding Inc-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ცნობისთვის, First Light წარმოადგენს საქართველოსთვის (ასევე რეგიონში) პირველ ინდუსტრიული მასშტაბის ფოტოელექტრულ პროექტს, რომელიც მთლიანად თვითმოხმარებაზეა ორიენტირებული."სს „რუსთავი აზოტი“ ამ პროექტით ქმნის პრეცენდენტს, თუ როგორ შეიძლება მსხვილმა საწარმოებმა უზრუნველყონ საკუთარი ენერგო საჭიროებები ეროვნული ქსელის შეზღუდვების პირობებშიც,"-აცხადებენ ASTORIOS Holding Inc-ში.