ელექტროენერგია
"ივნისში ელექტროენერგიის კომერციული იმპორტი და ექსპორტი არ განხორციელებულა" - Galt & Taggart

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2026 წლის ივნისის თვეში ქვეყანაში ელექტროენერგიის კომერციული იმპორტი და ექსპორტი არ განხორციელებულა.მათივე ცნობით, ივნისში თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი შემცირდა 7.9-ჯერ რაოდენობრივად და 12.0-ჯერ ღირებულებით. როგორც ინფორმაციიდან ვიგებთ, თურქეთის ბაზარზე გენერაციის ზრდა გამოწვეული იყო კარგი ჰიდროლოგიით და მზის სადგურების ინტენსიური მშენებლობით."ექსპორტმა თურქეთში შეადგინა 24.0 გვტ.სთ და $0.7 მლნ, ხოლო ექსპორტის საშუალო ფასმა კვტ.სთ-ზე 2.8 აშშ ცენტი (-34.4% წ/წ). ერთადერთი ექსპორტიორი იყო ესკო, რომლის მიზანიც ძველი ვალის დაბრუნება იყო.ექსპორტის ფასის, მოცულობისა და შემოსავლის მსგავსი შემცირება თურქეთის ბაზარზე ფასების მკვეთრ კლებასა და თურქეთში გაზრდილ გენერაციას უკავშირდება. კერძოდ, 2026 წლის ივნისში, ელექტროენერგიის საშუალო ფასი თურქეთის ბაზარზე შეადგენდა 2.9 აშშ ცენტს/კვტ.სთ-ზე, რაც წლიურად 34.4%-იანი კლება, თუმცა თვიურად 61.1%-იანი ზრდაა.ასეთი დაბალი ფასი ექსპორტის ეკონომიკურ მიმზიდველობას მნიშვნელოვნად ამცირებს, რადგან ექსპორტიორებს გადაცემის ტარიფისა და გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდაც უწევდათ - ჯამში 1.5 ცენტის. თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის გენერაცია იმდენად გაიზარდა, რომ თურქეთმა საქართველოდან ელექტროენერგიის კომერციულ იმპორტზე უარი თქვა. საქართველოდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო 6 ივლისს, რაც თურქეთის ბაზარზე ფასების ზრდით იყო გამოწვეული. 1-20 ივლისის საშუალო მაჩვენებლით, თურქეთში ელექტოენერგიის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 6.0 აშშ ცენტს შეადგენდა. 2026 წლის ივლისში ექსპორტიორი კომპანიები არიან აჭარ-ენერჯი 2007, ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯია, სვანეთი ჰიდრო, კასლეთი 2, შპს აისი, ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი და ესკო", - ვკითხულობთ კვლევაში.bp.ge 

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განცხადებას ავრცელებს."დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა.ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.ავარიიდან მოკლე დროში, 08:05 საათიდან ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს. ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება.პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას,"-ნათქვამია განცხადებაში. 

სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე საჯარო სხდომაზე განიხილა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიიღო გადაწყვეტილება 24 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლის შესახებ.კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის შესწავლის ფარგლებში, სემეკის შემსწავლელ ჯგუფს მიენიჭა შეუზღუდავი წვდომა რეგულირებული საწარმოების მონაცემებსა და შესაბამის ინფორმაციებზე.მიმდინარე წლის 24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. შედეგად, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში დროებით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

"ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს" - GSE

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს.„ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა თბილისში: დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს. ასევე, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს.პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას“, – აღნიშნულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებაში.შეგახსენებთ, დღეს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა.

"აუცილებელია, ელექტროენერგიის შიდა მოხმარების ზრდაზეც ვიფიქროთ" - გიორგი მარგებაძე

„აუცილებელია, ვიფიქროთ არა მხოლოდ ახალი გენერაციის განვითარებაზე, არამედ ელექტროენერგიის შიდა მოხმარების ზრდაზეც. მაგალითად, მაისსა და ივნისში, როდესაც ჭარბი ელექტროენერგია გვაქვს, ეს ბუნებრივად ნიშნავს, რომ ტარიფიც შეიძლება უფრო დაბალი იყოს. სწორედ ამ პერიოდში უნდა შევქმნათ დამატებითი მოთხოვნა.” - ამის შესახებ მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძემ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა.მისი თქმით, შესაძლებელია ეს გამოყენებული იყოს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით და ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს სარწყავი სისტემების უფრო აქტიური გამოყენება.“საბჭოთა პერიოდში დაახლოებით 400 მეგავატის სიმძლავრის სატუმბი სადგურები მუშაობდა, დღეს კი მხოლოდ 80 მეგავატია დატვირთული. როდესაც სარწყავი ინფრასტრუქტურა გაფართოვდება და სოფლის მეურნეობა განვითარდება, ელექტროენერგიის მოხმარებაც მნიშვნელოვნად გაიზრდება.იგივე მიდგომა შეიძლება გავრცელდეს ენერგოინტენსიურ საწარმოებზე, მაგალითად, ფეროშენადნობებისა და მეტალურგიის სექტორზე. თუ მათ წინასწარ ეცოდინებათ, რომ მაის-ივნისში ელექტროენერგია უფრო იაფი იქნება, შეძლებენ წარმოების დაგეგმვას სწორედ ამ პერიოდზე. შედეგად, დამატებით დაახლოებით 100 მეგავატის, ან შესაძლოა უფრო დიდი მოცულობის მოხმარების შექმნაც გახდეს შესაძლებელი.”- ამბობს მარგებაძე.მისივე თქმით, სექტორმა უნდა იფიქროს ახალი მიმართულებების განვითარებაზე, მაგალითად, მონაცემთა ცენტრების ან ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის მოზიდვაზე, სადაც დაბალი ტარიფი კონკურენტულ უპირატესობას შექმნის.“სამუშაო ბევრია, მხოლოდ ექსპორტზე, შავი ზღვის კაბელზე და ელექტროენერგიის გატანაზე არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული. პარალელურად აუცილებელია შიდა მოხმარების ზრდა და ისეთი ეკონომიკური სექტორების განვითარება, რომლებიც ქვეყანაში წარმოებულ ელექტროენერგიას მაქსიმალურად გამოიყენებენ.“ - აღნიშნა გიორგი მარგებაძემ.bp.ge 

"პროექტის ფარგლებში მოსწავლეების 40% ამბობს, რომ ენერგეტიკის ფაკულტეტზე ჩააბარებენ" - თორნიკე აფრიაშვილი

სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის, თორნიკე აფრიაშვილის ინფორმაციით, ენერგეტიკულ პროექტებში, სადაც სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ საკმაოდ მაღალი აქტივობა ფიქსირდება.როგორც თორნიკე აფრიაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პროექტის ფარგლებში მოსწავლეების დაახლოებით 40%-ს ენერგეტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება მყარად აქვს გადაწყვეტილი."მოსწავლეების მხრიდან პროექტის მიმართ საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. ამჟამად, სენაკის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. საკონკურსო პირობების მიხედვით, მათ უნდა მოემზადებინათ ელექტროენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ნახატი, ან მაკეტი. შევარჩიეთ 16 საუკეთესო მონაწილე, რომლებიც ერთი კვირით ბანაკში წავიყვანეთ. ამ პერიოდში მათ ტრენინგები ჩაუტარდათ. ენერგეტიკის სფეროს პოპულარიზაციას აქტიურად ვეწევით და მოსწავლეებთან მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებთ. მათი მხრიდან ინტერესი და მომართვიანობა ყოველთვის მაღალია.პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის დაახლოებით ხუთმა მონაწილემ გადაწყვიტა ენერგეტიკის მიმართულებით სწავლა გაეგრძელებინა და შესაბამის ფაკულტეტზე ჩააბარა. გარდა ამისა, ბოლო სამი წლის განმავლობაში პროექტში ჩართული ისეთი ასაკობრივი სეგმენტი გვყავდა, რომელიც უნივერსიტეტებში ჩაბარებას მომავალი წლიდან იწყებს", - აღნიშნავს თორნიკე აფრიაშვილი.ცნობისთვის, სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისათვის სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. მათ შორის განსაკუთრებით პოპულარულია პროექტი სახელწოდებით "ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე". პროექტის მიზანია ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღონ.bp.ge

"მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 35 %-ითაა შემცირებული" - პრემიერი მესტიის გამრიცხველიანებაზე

დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანებას, წინასწარი ღონისძიებების გატარებამ უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგი -  ივნისის გასული პერიოდის მონაცემებით, უკვე შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 35 %-ით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, გამრიცხველიანების პროცესის დასრულების შედეგად, მთლიანად მოწესრიგდება სისტემა, რაც მნიშვნელოვანი იქნება კეთილსინდისიერი გადამხდელებისა და მომხმარებლებისთვის.„დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანებას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ფართოდ გავაცანით ინფორმაცია. მოხმარება წლის განმავლობაში შეადგენდა 125 მილიონ კილოვატ საათს, როდესაც მსგავსი ზომის მუნიციპალიტეტში მოხმარება შეადგენს ერთნიშნა მაჩვენებელს, ანუ დაახლოებით ათმაგი და თორმეტმაგი იყო მოხმარება მუნიციპალიტეტში, იყო მაინინგის კონკრეტული პრობლემა.უკვე გატარდა წინასწარი ღონისძიებები, რამაც მოგვცა ხელშესახები შედეგი. ივნისის გასული პერიოდის მონაცემებით, უკვე შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 35 პროცენტით, წინასწარი ზომების გატარების შედეგად. როდესაც დასრულდება გამრიცხველიანების პროცესი, რა თქმა უნდა, მთლიანად მოწესრიგდება სისტემა, რაც მნიშვნელოვანი იქნება კეთილსინდისიერი გადამხდელებისა და მომხმარებლებისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.

"საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო ფასი მაისში წლიურად 3.5%-ით გაიზარდა" - Galt & Taggart

საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო ფასი მაისში წლიურად 3.5%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 5.1 აშშ ცენტი შეადგინა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარის კვლევაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, საბალანსო მოცულობა უმნიშვნელოდ წლიური 0.7%-ით გაიზარდა და 0.3 ტვტ.სთ შეადგინა, რაც ჯამური მიწოდების 23%-ს წარმოადგენს."ამასთან, 2026 წლის 12 ივნისს ქსელის წესებში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით: გადაცემის სისტემის ოპერატორი ვალდებულია ქსელთან მიერთების შეთანხმებები იმ ელექტროსადგურის პროექტებს გააუქმოს, რომლებსაც ეკონომიკის სამინისტროს დასტური ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის, ან მშენებლობის ეტაპზე ყოფნის შესახებ არ აქვთ. აღნიშნულ ინფორმაციას ელექტროსისტემა სამინისტროსგან პირველი აგვისტოს ჩათვლით გამოითხოვს. ელექტროსისტემის მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება პროექტის დეველოპერებს 10 სამუშაო დღის განმავლობაში აქვთ. გაუქმებულ პროექტებს გადახდილი ქსელთან დაერთების საფასური დაუბრუნდებათ. ენერგო-პროს და თელასის ქსელზე ახალი გენერაციის ობიექტის დაერთების განაცხადისთვის სავალდებულო გახდა მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება პროექტის განვითარებაზე, ან სამინისტროს წერილობითი დასტური.აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს ელექტროსადგურების მშენებლობის პროცესის ერთიან ჩარჩოში მოქცევას და ქსელზე მიერთების წერტილებში დარეზერვებული სიმძლავრეების გათავისუფლებას", - ვკითხულობთ კვლევაში.bp.ge 

"5 თვის მონაცემებით, ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 6.1%-ით გაიზარდა" - Galt & Taggart

Galt & Taggart-ის საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარის კვლევის მიხედვით,  2026 წლის 5 თვის მონაცემებით, ქვეყანაში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 6.1%-ით გაიზარდა და 6.2 ტვტ.სთ შეადგინა.მათივე ცნობით, იმპორტისა და თბოგენერაციის წილი ჯამურ მიწოდებაში 36.3%-ი გახდა (vs 31.1% 2025 წლის 5 თვეში)."2026 წლის მონაცემებით, აუცილებელია ისეთი გენერაციის ობიექტების განვითარება, რომლებიც საქართველოს სეზონურ გამოწვევებს უპასუხებენ. მაგალითად საჭიროა რეზერვუარიანი ჰიდროსადგურები, ასევე ქარის სადგურები. ამასთან, მონაცემები ხაზს უსვამს ენერგიის დამაგროვებლებისა და საექსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.მათივე ცნობით, ადგილობრივი მოხმარება წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა."წლიური ზრდა დაფიქსირდა ყველა სეგმენტში: აფხაზეთის რეგიონი: +6.6%-ი, პირდაპირი მომხმარებლები: +5.8%-ი, საცალო მომხმარებლები: +2.1%-ი. ამასთან, მოხმარების ზრდა უკავშირდება, როგორც კლიმატურ ფაქტორებს, ასევე ენერგოინტენსიური საწარმოების გააქტიურებას", - ვკითხულობთ კვლევაში.bp.ge 

დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო პლატფორმა "ბიზნესი განათლებისთვის" ფარგლებში გამართულ შეხვედრაში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო პლატფორმა „ბიზნესი განათლებისთვის“ ფარგლებში გამართულ გახსნით ღონისძიებასა და  პანელურ დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა  განათლების სექტორში მოკლევადიანი პროგრამების მნიშვნელობას, შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და კერძო სექტორის ჩართულობის მიზნობრიობას გადამზადების პროგრამების შემუშავებაში.პლატფორმა „ბიზნესი განათლებისთვის" აერთიანებს განახლებადი ენერგიების სექტორის ბიზნეს-წარმომადგენლებს, ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, დარგის ექსპერტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების დაახლოებისა და სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის.პლატფორმა „ბიზნესი განათლებისთვის“ ორგანიზებულია უსაფრთხოების აკადემიის პროფესიული კოლეჯის მიერ.