პოლიტიკა
დღეიდან საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე დღიური ვაჭრობა ჩერდება - გადაწყვეტილების მიზეზები

დღეიდან საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე დღიური ვაჭრობა ჩერდება. ბირჟის ოპერატორი აღნიშნულ ბაზარზე ოპერირებას მომდევნო წლის პირველი ივლისიდან გააგრძელებს. მანამდე კი გარიგებები მხოლოდ დღით ადრე დაიდება.როგორც ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა “ბიზნესპარტნიორთან” საუბრისას განმარტა,  ენერგეტიკულ ბირჟაზე დღიური ვაჭრობის შეჩერების მიზეზი ბიზნესის მხრიდან აღნიშნულ ბაზარზე გარიგებების მიმართ დაბალი ინტერესი გახდა.“როგორც იცით, 2024 წლის ზაფხულიდან ბაზრის მონაწილეებისთვის ორივე სეგმენტი, როგორც დღით ადრე, ისე დღიური ბაზარი გახდა ხელმისაწვდომი. პრაქტიკა აჩვენებდა, რომ მონაწილეებისთვის დღით ადრე ვაჭრობა უფრო მოსახერხებელი იყო. ზაფხულის პერიოდში დღიურ ბაზარზე ვაჭრობა ფაქტობრივად  არ დაფიქსირებულა და მხოლოდ ერთი გარიგება დაიდო. ამას არ დავარქმევდი უკუსვლას, უბრალოდ, ის სეგმენტი, რომელიც იყო შეთავაზებული სექტორმა ის არ მიიღო ისე ინტენსიურად, როგორც დღით ადრე ბაზარი. სწორედ ამ სეგმენტზე ვაჭრობა ამ ეტაპზე არის შეჩერებული. სამიზნე მოდელში მყისიერად მოხდება ამ ბაზრის ხელმეორედ ამოქმედება და ის მონაწილეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ამ სეგმენტზე, მათი რეგისტრაციაც ავტომატურად გაგრძელდება,”-აღნიშნა ირაკლი გალდავამ.საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა  ამ დრომდე გარდამავალი მოდელით მუშაობს. ელექტროენერგიის სავაჭრო პლატფორმა სრულად 2027 წლის ივლისში უნდა გაიხსნას. რაც იმას ნიშნავს, რომ ბირჟას უნდა დაემატოს საათობრივი დაბალანსების შესაძლებლობა და საბალანსო ბაზარი.“სამიზნე მოდელზე გადასვლა ითვალისწინებს საათობრივი დაბალანსების ამოქმედებას, საბალანსო ბაზრის ამოქმედებას, რომელიც ამ ეტაპზე დაგეგმილია 2027 წლის 1 ივლისიდან, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით რა შეიძლება მოხდეს ამ პერიოდისთვის.”-აღნიშნა ირაკლი გალდავამ.ენერგობირჟის მონაცემების თანახმად, 2026 წლის პირველ ნახევარში, დღით ადრე ბაზარზე, მონაწილეებმა 41 000 მეგავატ საათი ელექტროენერგია ივაჭრეს, რაც 2025 წლის იმავე პერიოდის რაოდენობის ნახევარზე ნაკლებია.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე ელექტროენერგეტიკული ბაზრის კონცეპტუალური მოდელის შესახებ სტატია გამოქვეყნდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის  ვებგვერდზე გამოქვეყნდა სემეკის თავმჯდომარის, პროფესორ დავით ნარმანიას სტატია — „საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის კონცეპტუალური მოდელი ენერგეტიკული უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით“.სტატიაში განხილულია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების ძირითადი მიმართულებები, ენერგეტიკული ბაზრის კონცეპტუალური მოდელი და მისი მნიშვნელობა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. აქცენტირებულია ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამდონიანი მოდელის უპირატესობები, რომელიც ერთიანებს კონკურენტულ ბაზარს, ტრანსასაზღვრო ელექტროენერგიით ვაჭრობასა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მექანიზმებს ერთიან სისტემაში.“მოდელის მიხედვით ზაფხულში ექსპორტირებული ენერგია ზამთარში ბრუნდება ელექტროენერგიის (ან სხვა სახით) სახით და ამცირებს საქართველოს სეზონურ დეფიციტს. მისი  საბოლოო მიზანია სამი ამოცანის ერთდროულად შესრულება: ეკონომიკური ეფექტიანობის უზრუნველყოფა კონკურენტული ბაზრის მეშვეობით; რეგიონულ ბაზრებთან ინტეგრაციის გაღრმავება; ზამთრის დეფიციტისა და ენერგეტიკული რისკების შემცირება. ამრიგად, წარმოდგენილი კონცეპტუალური მოდელი გარდაქმნის ზაფხულის პროფიციტულ ელექტროენერგიას არა მხოლოდ კომერციულ პროდუქტად, არამედ ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგიულ რესურსად და აერთიანებს SPOT ვაჭრობას, Seasonal Energy Swap-სა და სტრატეგიული NTC-ის მართვას ერთიან საბაზრო არქიტექტურაში”, - აღნიშნულია სტატიაშიგარდა ამისა, ავტორი ყურადღებას ამახვილებს ენერგეტიკული სექტორის მდგრადი განვითარების, ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინების მნიშვნელობაზე.🔗 სტატიის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს:

სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სასწავლო კურსზე - "ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები" რეგისტრაციას აცხადებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს ახალ სასწავლო კურსს, სახელწოდებით „ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები“. სასწავლო კურსის მიზანია მონაწილეები გაეცნონ ელექტროსადგურების ოპერირებისა და ქსელის ოპერატორებთან ურთიერთქმედების საბაზისო ცოდნასა  და თანამედროვე ტექნოლოგიებს.კურსი განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის სექტორით დაინტერესებული ყველა პირისთვის. მათ შორის,  დამწყები სპეციალისტებისა და ინჟინრებისთვის, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის, ენერგოობიექტების პერსონალისთვის.სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ საფუძვლიან ცოდნას ელექტროსადგურების ოპერირების ტექნიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების მართვის საკითხებზე, ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების მექანიზმებზე; გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, ავტომატიზაციისა და ციფრული მართვის სისტემებს, რომლებიც აუცილებელია ენერგოობიექტების ეფექტური მუშაობისთვის; შეისწავლიან ქსელის ოპერატორებთან ურთიერთქმედების სამართლებრივ და პრაქტიკულ მექანიზმებს.კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.სასწავლო კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებგვერდს: https://entc.ge/ka

თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმი გაიხსნა

ქ.თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ფორუმზე მსჯელობენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში.ფორუმი გახსნეს და  მონაწილე 1000-მდე მაღალი რანგის დელეგატს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ და ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) თავმჯდომარემ, დეივიდ მორტონმა.  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21-24 სექტემბერს  ქ. თბილისში მასპინძლობს ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმს, რომელიც საქართველოში პირველად იმართება. ფორუმში მონაწილეობას იღებენ  ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ენერგეტიკის რეგულირების სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან და მწვავე საკითხებს.“დღეს ენერგეტიკის სექტორი ისტორიული მასშტაბის ცვლილებებს განიცდის. განახლებადი ენერგიების სწრაფი განვითარება, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობა, დეცენტრალიზებული ენერგოსისტემების ზრდა, ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია და მომხმარებელზე ორიენტირებული პოლიტიკის გაძლიერება მარეგულირებლებისგან ახალ ხედვებსა და გადაწყვეტილებებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ არის ასეთი ფორუმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ისინი გვაძლევს შესაძლებლობას, ერთმანეთის გამოცდილებაზე ვისწავლოთ, გავიზიაროთ წარმატებული პრაქტიკა და ერთად ვიპოვოთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც ჩვენი სექტორის მომავალს განსაზღვრავს.დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში გამართული დისკუსიები  ნაყოფიერი, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული იქნება. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ აქ ჩამოყალიბებული პროფესიული კავშირები და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გლობალური ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში”, - აღნიშნა დავით ნარმანიამ ფორუმის გახნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER), ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ  იმართება. სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად  ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC),  ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA).  წინა წლებში ფორუმის მასპინძელი ქვეყნები იყვნენ:  აშშ, იტალია, საბერძნეთი, კანადა, თურქეთი, მექსიკა, პერუ.ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია: IX WFER | Tbilisi 2026 / Home

"ჩვენ ვმუშაობთ, რათა შევქმნათ სისტემა, რომელიც იქნება უფრო უსაფრთხო, დივერსიფიცირებული, კონკურენტული, მდგრადი"

„ჩვენ ვმუშაობთ, რათა შევქმნათ სისტემა, რომელიც იქნება უფრო უსაფრთხო, დივერსიფიცირებული, კონკურენტული, მდგრადი და, რაც მთავარია, მეტად დაკავშირებული როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო ენერგეტიკულ სივრცესთან“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ დღეს საქართველოს წინაშე სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგეტიკული ამოცანები დგას. ამასთან, ინგა ფხალაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ღონისძიებები გულისხმობს არა მხოლოდ საუბარს ენერგეტიკის გამოწვევებსა და მომავალზე, არამედ საფუძველს უყრის იმ წესების, ინსტიტუტებისა და გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებას, რომლებიც ენერგეტიკულ მომავალს ქმნიან.„ამ პროცესში კი, ცხადია, ფუნდამენტურია რეგულირების როლი. ენერგეტიკული ტრანსფორმაცია დღეს უკვე აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ცვლილებების ერთობლიობა. განახლებადი ენერგიის სწრაფი განვითარება, ელექტროენერგიის ბაზრების ინტეგრაცია, ენერგიის შემნახველი სისტემები, კიბერუსაფრთხოება, კლიმატის ცვლილება და ხელოვნური ინტელექტი - ეს ყველაფერი ერთად ქმნის ახალ ტექნოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ რეალობას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.სიტყვით გამოსვლისას ინგა ფხალაძემ ისაუბრა არსებულ რეალობაში მარეგულირებელი ორგანოების როლსა და ენერგეტიკის სექტორის დამოუკიდებელი და პროფესიონალური რეგულირების მნიშვნელობაზე.„ნამდვილი ტრანსფორმაცია მხოლოდ მაშინ ხდება შესაძლებელი, როდესაც ახალი სიმძლავრეები დაკავშირებულია ძლიერ ქსელთან, ინვესტიციები - პროგნოზირებად წესებთან, ბაზრის განვითარება - სამართლიან კონკურენციასთან, ხოლო ენერგეტიკული პოლიტიკა - მომხმარებლის ინტერესებთან, რაც დამოუკიდებელი და პროფესიონალური რეგულირების გარეშე შეუძლებელია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმი თბილისში სემეკის ორგანიზებით იმართება - ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნების წარმომადგენლების, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირების მონაწილეობით.

ინგა ფხალაძე: დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

„დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე.მისი განმარტებით, ამ მხრივ საქართველოს პოტენციალი ჰიდრორესურსების თვალსაზრისით ძალიან მაღალია.„დღევანდელი გენერაციის 80%  მოდის ჰიდრორესურსებზე. შესაბამისად, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სისტემის სტაბილურობა, უნდა მოხდეს სისტემაში დივერსიფიკაცია. დივერსიფიკაცია გულისხმობს სხვა წყაროების განვითარებასაც - ეს გახლავთ მზე და ქარი, როგორც პროცენტულად გადანაწილებული გვაქვს თანაბრად. თუმცა, არსებული ჰიდრორესურსების პოტენციალი,  რასაკვირველია, აჭარბებს, გამომდინარე იქიდან, რომ დღემდე უფრო მეტი გენერაცია მოდიოდა ჰიდრორესურსებზე.  დიდი ჰესების წვლილი გენერაციაში არა მარტო საინჟინრო მნიშვნელობით განისაზღვრება, აქ ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის ფაქტორი, რომ სისტემის სტაბილურობა უზრუნველყოფილი იქნება იმ ჰესებით, რომლებსაც აქვთ რეზერვუარები“ - განაცხადა ინგა ფხალაძემ.მინისტრის მოადგილის განმარტებით, ვინაიდან სეზონურად ქვეყნის ჰიდროგენერაციის 80% მომდინარე წყალზე მომუშავე ჰესებზე მოდის, პიკური მოხმარების საათებში მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია წყალსაცავიანი (დიდი) ჰესების არსებობა, რომლებიც სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.„იმისთვის, რომ პიკურ საათებში მოხმარების დაკმაყოფილება უზრუნველვყოთ და შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება, მნიშვნელოვანია გვქონდეს დიდი ჰესები. დიდი ჰესები უზრუნველყოფს იმას, რომ წყალუხვობისას რეზერვუარები ივსება, რაც შემდგომში პიკური მოხმარების დაბალანსების საშუალებას იძლევა ანუ ამ დროს იყენებ დაგროვილ ელექტროენერგიას და ამით იმპორტზე დამოკიდებულებას ამცირებ“ - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.

სემეკის წარმომადგენელს ენერგეტიკოსის საპატიო ჯილდო გადაეცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე აფრიაშვილი  ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, როგორც გამორჩეული ენერგეტიკოსი, დაჯილდოვდა. სემეკის წარმომადგენელს ენერგეტიკოსის საპატიო  ჯილდო გადასცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.თორნიკე აფრიაშვილი პროფესიით ენერგეტიკოსია. მინიჭებული აქვს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. იგი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი,  აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება ელექტროენერგეტიკის რეგულირების სფეროში, მათ შორის ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების განვითარების, განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციისა და ქსელური ინოვაციების, მათ შორის ჭკვიანი ქსელების (Smart Grid), მიმართულებით.თორნიკე აფრიაშვილი წლების განმავლობაში იყო ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) ენერგეტიკული ტრანსფორმაციის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე და მონაწილეობდა რეგიონული მარეგულირებელი ორგანოებისთვის საუკეთესო პრაქტიკების შემუშავებასა და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრაში.

"2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ენერგეტიკის სექტორის საბანკო დაკრედიტებამ რეკორდულ ₾3.2 მლრდ-ს მიაღწია"

„ენერგეტიკის სექტორის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაზრდილ ნდობას ადასტურებს კერძო კაპიტალიც“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.როგორც სიტყვით გამოსვლისას  ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ენერგეტიკის სექტორის საბანკო დაკრედიტებამ რეკორდულ 3.2 მილიარდ ლარს მიაღწია.„ეს 30 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებით. ეს მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ინვესტორებს დაუბრუნდათ ნდობა ენერგეტიკის სექტორში პროცესების გამჭვირვალეობაზე, სანდოობაზე, სამართლიანობასა და სექტორის განვითარების პერსპექტივაზე. თუმცა, მხოლოდ გენერაციის ზრდა საკმარისი არ არის. ძლიერი ენერგოსისტემისთვის საჭიროა ძლიერი ქსელი“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა სისტემა, რომელსაც შეუძლია მეტი ენერგიის მიღება, გადაცემა და უსაფრთხოდ მართვა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ, მთავრობამ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებას ჩაუყარა საფუძველი.„მიმდინარეობს 14 ელექტროგადამცემი ხაზისა და 4 ქვესადგურის მშენებლობა, რაც, ჯამში, 587 კმ-ზე მეტი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის განვითარებას მოიცავს. ეს არის ენერგეტიკის ის ნაწილი, რომელიც, შესაძლოა, საზოგადოებისთვის ნაკლებად თვალსაჩინო იყოს, მაგრამ რეალურად სწორედ აქ წყდება, რამდენად სწრაფად და რამდენად საიმედოდ განვითარდება მთელი სისტემა“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

"ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს ენერგიის მწარმოებელი, გამტარი და დამაკავშირებელი სახელმწიფო ქვეყანა"

„ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს ენერგიის მწარმოებელი, გამტარი და დამაკავშირებელი სახელმწიფო. ქვეყანა, რომელიც კასპიის რეგიონს, შავ ზღვასა და ევროპას ერთ ენერგეტიკულ სივრცეში აკავშირებს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ პროექტზე - შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემ ხაზზე.„წელს პროექტს ევროკავშირის ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიენიჭა. წლის ბოლომდე გამოცხადდება ტენდერი შავი ზღვის ფსკერის კვლევაზე. მაგრამ ჩვენი ხედვა მხოლოდ ერთ კაბელს არ ეხება. ჩვენ ვმუშაობთ უფრო დიდ სურათზე, ვმუშაობთ „მწვანე დერეფნის პროექტზე“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ამ პროცესში ქვეყანა აძლიერებს თანამშრომლობას აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ბულგარეთთან და რუმინეთთან. მისი თქმით, სწორედ ეს არის საქართველოს ახალი ენერგეტიკული როლი.„ამავე სტრატეგიის ნაწილია ნავთობისა და გაზის სექტორიც. აზერბაიჯანის მთავრობასთან მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, მიმდინარე წელს, მივაღწიეთ შეთანხმებას „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენის სრული დატვირთვით ამოქმედებაზე. ეს არის ეკონომიკური სარგებელიც და სტრატეგიული ფუნქციაც. საქართველო კიდევ უფრო ამყარებს საკუთარ პოზიციას, როგორც კასპიის ენერგორესურსების ევროპისკენ ტრანსპორტირების საიმედო მარშრუტი“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

"ენერგეტიკული უსაფრთხოება თეორიული მიზანი არ არის, ეს არის ეროვნული ამოცანა" - მარიამ ქვრივიშვილი

„ეს დღე არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, შევაფასოთ ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელობა და ავღნიშნოთ იმ ადამიანების როლი და დამსახურება, რომელთა ყოველდღიურ თავდაუზოგავ შრომასა და პროფესიონალიზმზეც დგას ეს მნიშვნელოვანი დარგი“- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ესწრებოდა.მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ენერგეტიკა ერთ-ერთი იმ სფეროთაგანია, რომლის გამართული მუშაობა ხშირად უხილავია, მაგრამ მისი ერთი მცირე შეფერხებაც კი მთელი ქვეყნისთვის მყისიერად ხდება ხილული.„თქვენი პროფესია არ არის მხოლოდ დარგობრივი საქმე. ეს არის პასუხისმგებლობა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკური აქტივობის უწყვეტობასა და თითოეული ოჯახის ყოველდღიურობაზე. სწორედ ამიტომ, ენერგეტიკოსის შრომას განსაკუთრებული ფასი აქვს. ენერგეტიკა საქართველოსთვის მხოლოდ ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი არ არის. ენერგეტიკა არის დამოუკიდებლობა, უსაფრთხოება და ეკონომიკური ძალა.ჩვენ კარგად გვახსოვს, რას ნიშნავდა ენერგეტიკულად სუსტი საქართველო. გვახსოვს ქვეყანა, სადაც ელექტროენერგიის ნაკლებობა ყოველდღიური ცხოვრების სტანდარტული პრობლემა იყო. ამიტომ, ჩვენთვის ენერგეტიკული უსაფრთხოება თეორიული მიზანი არ არის, ეს არის ეროვნული ამოცანა. საქართველო აღარ უნდა იყოს ენერგეტიკულად მოწყვლადი ქვეყანა. საქართველო უნდა იყოს ენერგეტიკულად ძლიერი, თვითკმარი და რეგიონული მნიშვნელობის სახელმწიფო“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.როგორც მინისტრმა აღნიშნა, გასული ერთი წლის განმავლობაში უფრო მკაფიოდ გამოჩნდა ენერგოსისტემის ძლიერი მხარეები, მისი სისუსტეები, შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომლებზეც სახელმწიფომ წინასწარ უნდა იზრუნოს. „დღეს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ჩვენ ვიცით, სად მივდივართ. გვაქვს მკაფიო ხედვა, გეგმა და გვაქვს ამბიცია, რომლის მასშტაბიც საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობების რეალურ პოტენციალს შეესაბამება. ამ ხედვის პირველი საყრდენი არის გენერაცია. 2026 წელს დასრულდა სამი ჰიდროელექტროსადგურისა და ერთი ქარის პროექტის მშენებლობა. წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის, ორი ქარის და  სამი მზის პროექტის მშენებლობა“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.