ენერგოეფექტურობა
სემეკმა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ),  საჯარო სხდომაზე 2025 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა.ანგარიში მოიცავს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების ძირითად ასპექტებს, რეგულირების განვითარების მიზნით  2025 წელს განხორციელებულ პროექტებსა და სემეკის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულების მიმოხილვას.სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად მოცემულია ბმულზე.

"ცენტრალური გათბობის საერთო სისტემამ ხარჯები შეამცირა და უკვე ხელშესახები შედეგები გვაქვს" - ვანო მეჭურჭლიშვილი

ცენტრალური გათბობის საერთო სისტემამ ხარჯები შეამცირა და უკვე ხელშესახები შედეგები გვაქვს, - ამის შესახებ სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა ვანო მეჭურჭლიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სემეკის აღნიშნული რეგულაციით დეველოპერები ინტერესდებიან."სემეკი თავის პირობას ასრულებს და წელიწად-ნახევრის წინ გაცხადებულ რეგულაციაზე უკვე კონკრეტული მაგალითებით შეგვიძლია ვისაუბროთ. როდესაც საუბარია ინდივიდუალური გათბობის სისტემაზე - აქ ერთ კორპუსში უამრავი გათბობის ქვაბია, ხოლო საერთო სისტემის დროს ერთი საქვაბე გვაქვს. აღნიშნულით უკვე დაინტერესდნენ დეველოპერები და არის კონკრეტული კორპუსები, რომლებიც უკვე ამ რეგულაციით სარგებლობენ. თბილისში ერთ-ერთ კორპუსში მოხმარება ჰქონდა 11 000 მ³. ამ კორპუსში როგორც ყველგან 89% იყო საყოფაცხოვრებო მომხმარებელი და მათ ჯამში 7 ათასი ლარი გადაიხადეს, როცა ძველი მიდგომიდან გამომდინარე 14 000 ლარი ექნებოდათ გადასახდელი. ე.ი. ორი თვის განმავლობაში მათ 14 400 ლარზე მეტი ეკონომია გააკეთეს. ეს კონკრეტული მაგალითი მიუთითებს ამ პროექტის წარმატებულობაზე და უკვე ხელშესახები შედეგები გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს პროექტი გარკვეულ პრობლემებს წააწყდა, რადგან რეგულაციის ამოქმედებამდე შემაფერხებელი გარემოებები გათბობის დარგის განვითარებისთვის. როდესაც კორპუსების შემთხვევაში შერეული მოხმარება გვაქვს, სადაც რაღაც პროცენტი საყოფაცხოვრებო მომხმარებელია და პირველ სართულზე განთავსებულია კომერციული ფართები - ასეთ მომხმარებლებს არასაყოფაცხოვრებო ტარიფით ერიცხებოდათ ცენტრალური გათბობის მეშვეობით საფასური და ორჯერ უფრო მეტს იხდიდნენ. გარკვეული სირთულეების მიუხედავად, დღეს უკვე გვყავს კონკრეტული სამუშაოების შემსრულებელი, შემომტანი, დეველოპერები, ამ საქმიანობას ეწევიან, აქვთ კონკრეტული გამოცდილება და ჩვენც ვცდილობთ, რომ ეს გამოცდილება ყველას გავუზიაროთ და ინფორმაცია ყველას მივაწოდოთ", - აცხადებს ვანო მეჭურჭლიშვილი.

საქართველოში ვგეგმავთ, მზის ენერგიის მიმართულებით [ინვესტიციების] დივერსიფიკაციას - კავკასიაში EBRD-ის რეგიონული დირექტორი

Business Insider Georgia-მ კავკასიაში EBRD-ის რეგიონულურ დირექტორთან ექსკლუზიური ინტერვიუ მოამზადა.1990-იანი წლებიდან EBRD წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთ ძირითად ინვესტორს, რომელიც ხელს უწყობს მწვანე ტრანზიციას და ენერგოსამრეწველობის უსაფრთხოების გაძლიერებას,- ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კავკასიაში EBRD-ის რეგიონულურმა დირექტორმა, ალკის ვრეინიოს დრაკინოსმა განაცხადა.მისი განმარტებით, ბანკის ჩართულობა მოიცავს ჰიდროენერგეტიკული ობლიგაციების რეაბილიტაციას, ელექტროგადამცემი ქსელის მოდერნიზაციას და განახლებადი ენერგიის პოლიტიკის მხარდაჭერას, ხოლო სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ინიციატივები საქართველოს რეგიონულ ენერგეტიკულ ჰაბად პოზიციონირებას უზრუნველყოფს.„მაგალითად, „ენგური ჰიდროელექტროსადგური“ (Enguri HPP) 1998 წლიდან წარმოადგენდა ფლაგმანურ პროექტს. მრავალ ეტაპზე EBRD-მ უკვე 205 მილიონ ევროს მეტი გამოყო, რათა უზრუნველეყო სტრუქტურული მთლიანობა, განეხორციელებინა გვირაბებისა და პენსტოკების მოდერნიზაცია და კონტროლის სისტემების განახლება. „ენგური“ რჩება საქართველოს უდიდეს ელექტროსადგურად, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ელექტროენერგიის მოთხოვნის დაახლოებით 30%-ს, ხოლო მისი რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი იყო სისტემის საიმედოობისა და მდგრადობისთვის.დამატებით დაფინანსება მხარდაჭერა მიეცა „ვარდნილის“ HPP კასკადსა და მცირე ჰიდროელექტროსადგურებს, რაც ამყარებს საქართველოს განახლებადი ენერგიის სისტემას და ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას.გასულ წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ „რუისის ქარის ფერმას“ (Ruisi Wind Farm), რომელიც ფლაგმანურ განახლებადი ენერგიის პროექტს წარმოადგენს საქართველოში, კომბინირებს მასშტაბურ შესაძლებლობებს, საერთაშორისო დაფინანსებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს.ამ პროექტების განხორციელება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს დეკარბონიზაციისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ხელს უწყობს კლიმატურ მდგრადობას და კარბონული ნაკვალევის შემცირებას. მომავალი გეგმები მოიცავს ასევე მზის ენერგიაში დივერსიფიკაციის განხორციელებას“, - აღნიშნა ამის შესახებ კავკასიაში EBRD-ის რეგიონულურმა დირექტორმა.businessinsider.ge

"მომდევნო 2 წელში ქვეყანაში მზის ელექტროსადგურების ბუმი გვექნება, თუმცა მზე და ქარი ვერასდროს ჩაანაცვლებს ჰიდროს"

მომდევნო 2 წელში ქვეყანაში მზის ელექტროსადგურების ბუმი გვექნება, თუმცა მზე და ქარი ვერასდროს ჩაანაცვლებს ჰიდროს, - ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ გადაცმა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.მისივე ინფორმაციით, შესაბამის უწყებაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე მეტი განაცხადი მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზე შედის."ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ თვითკმარ ქვეყნად. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება და შესაბამისად, ჩვენი იმპორტდამოკიდებულებაც გაიზრდება. ბოლო ათი წლის განმავლობაში დაახლოებით, 5-დან 14%-მდე გაიზარდა ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ როგორც სახელმწიფომ, ასევე მოსახლეობამ და ინვესტორებმა უნდა გამოვხატოთ მზაობა, რომ  ჰიდრო ენერგეტიკას მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს.ჩვენ სამი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესაძლებლობა გვაქვს - "ნამახვანი", "ნენსკრა" და "ხუდონი". ცალსახად მინდა ვთქვა როდესაც საქართველოს  ევროპას გვადარებენ ხოლმე და ამბობენ, რომ იქ  მორატორიუმი არის გამოცხადებული ჰიდროს მიმართულებით - უნდა აღინიშნოს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა თავისი პოტენციალის 97% უკვე აითვისეს და ამის ფონზე ჩვენ 20-25% გვაქვს ათვისებული. ამიტომ ის ნაწილი, რაც "ენკა" გააჩერა იყო საზოგადოების პროტესტი და ყველაზე მთავარი გამოწვევა აქ, დაბალი კომუნიკაცია იყო", - აცხადებს მაია მელიქიძე.bp.ge 

რა კომპონენტების შესრულებაა საჭირო ენერგოუსაფრთხოების მისაღწევად - დავით ნარმანიას მოსაზრება

ენერგოუსაფრთხოება ქვეყნისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ჟანგბადი ჩვენი ორგანიზმისთვის. ენერგია ეკონომიკის ძრავაა: წარმოება, ტრანსპორტი, განათლება თუ ჯანდაცვა მის გარეშე უბრალოდ ვერ ფუნქციონირებს. თუ ქვეყანა ენერგეტიკულად დამოუკიდებელი არ არის, მისი პოლიტიკა და ეკონომიკა შეიძლება სხვა ქვეყნების ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდეს.სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ენერგოუსაფრთხოების მისაღწევად სამი მნიშვნელოვანი კომპონენტის შესრულებაა საჭირო. პირველი კომპონენტი კი მეტი გენერაციის წყაროს შექმნაა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჰესების აქტიური მშენებლობა.„პირველი კომპონენტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის არის მეტი ადგილობრივი გენერაციის წყაროს შექმნა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ჰესების მშენებლობას. არსებული გარემოება გვიჩვენებს, რომ ჩვენს რეგიონში ყველა აშენებს გენერაციის ობიექტებს და თუ ასე გაგრძელდა მათზე ენერგეტიკულად დამოკიდებულები კიდევ უფრო მეტად გავხდებით, რაც ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით ცუდია, რადგან ეს მუდმივად გამოიწვევს ჩვენგან ვალუტის გადინებას ენერგიის შესაძენად“. - აცხადებს დავით ნარმანია.ენერგოუსაფრთხოების კიდევ ერთ კომპონენტს ენერგიის საბოლოო მომხმარებლამდე გამართულად და ხარისხიანად მიწოდება წარმოადგენს. დავით ნარმანია აღნიშნავს, რომ ამ კუთხით უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, კერძოდ ენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა წლიური საინვესტიციო გეგმა გააორმაგეს.„მეორე კომპონენტი ენერგეტიკული უსაფრთხოების ნაწილში არის მისი ტექნიკური უზრუნველყოფა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ხარისხიანად და უსაფრთხოდ მიწოდება. ამ თვალსაზრისით, საკმაოდ დიდი ინვესტიციები ხორციელდება ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას გავუზარდეთ საინვესტიციო პაკეტი. გარდა ამისა, ენერგიის გამანაწილებელ ქსელებში გავაორმაგეთ ინვესტიციები, რომელიც დავუმტკიცეთ თელასს და ენერგო პროს.  ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი გადამცემი ხაზი მოწესრიგდება, ასევე მოწესრიგდება ტრანსფორმერები და ქვესადგურები“.- აღნიშნავს დავით ნარმანია.კიდევ ერთი კომპონენტი, რაზედაც სემეკის თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს, ენერგიაზე ხელმისაწვდომობაა. დავით ნარმანიას თქმით, საქართველოში კომუნალურ სერვისებზე რეგიონსა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით დაბალი ტარიფებია, რაც ხელმისაწვდომობის კომპონენტს კიდევ უფრო მეტად ზრდის.„მესამე კომპონენტი არის უშუალოდ მომხმარებლის ხელმისაწვდომობა ელექტროენერგიაზე. იგულისხმება თუ საშუალოდ ერთი ოჯახის შემოსავლის რა ნაწილი იხარჯება კომუნალურ სერვისებში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთა რეგიონსა და ევროპასთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სამომხმარებლო ტარიფები გვაქვს, ხელმისაწვდომობის კომპონენტი საკმაოდ კარგ ნიშნულზეა. თუმცა როგორც ბევრ ქვეყანაში, ისე ჩვენთანაც გვყავს მოწყვლადი მომხმარებლები, რომლებსაც დაბალი შემოსავლები აქვთ. სწორედ ასეთი კატეგორიის მომხმარებლებისთვის სახელმწიფოს გააჩნია მოწყვლადი მომხმარებლების ხელშეწყობის კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც როგორც ბიუჯეტიდან, ისე რეგიონებში მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ხდება სხვადასხვა კომუნალური ხარჯის თანაგადახდა“. - აცხადებს დავით ნარმანია.

ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული სადგურების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა კიდევ გაიზარდა.ბოლო მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვაში ჩართულია 1505 სადგური, ხოლო ჯამური დადგმული სიმძლავრე 103 მეგავატს შეადგენს. მათ შორის, სს „თელასის“ ქსელში ჩართულია 390 სადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით 32 მგვტ, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში - 1115 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 71 მგვტ.სს „თელასის“ ქსელში საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ჩართულია 213 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 177 ელექტროსადგური. რაც შეეხება სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელს, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ჩართულია 636, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 479 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური.სემეკი მომხმარებლებს ახსენებს, რომ განახლებადი ენერგიების გამოყენების მიზნით კომისიის მიერ დანერგილი რეგულაციების შესაბამისად, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების (მზე, ქარი, წყალი) გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას. ამასთან, ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.

„ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული ობიექტების რაოდენობამ 1 000 ერთეულს მიაღწია“ - დავით ნარმანია

დავით ნარმანია აცხადებს, რომ საქართველოში ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული ობიექტების რაოდენობამ 1 000 ერთეულს მიაღწია. სემეკის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ნეტო-აღრიცხვის მიმართულებით პროცედურები საკმაოდ გამარტივებულია, რაც სტიმულს აძლევს ადამიანებს იმისათვის, რათა პროცესში აქტიურად ჩაერთონ.“ნეტო-აღრიცხვის კუთხით საკმაოდ მაღალი აქტივობაა.  ამ კუთხით სემეკს მაქსიმალურად ხელშემწყობი მექანიზმები აქვს დადგენილი. ყველაზე მაღალი ზღვარი სწორედ ნეტო-აღრიცხვის მიმართულებით გვაქვს, კერძოდ 500 კილოვატი ერთ აბონენტზე. გარდა ამისა, 2027 წლამდე დადგენილი გვაქვს ქსელური გატარების ტარიფის შეღავათი, რაც ასევე მნიშვნელოვანია ფინანსური თვალსაზრისით.  ზოგადად ნეტო აღრიცხვაში ჩართვის მიმართულებით ძალიან მარტივი პროცედურები გვაქვს. დამტკიცებულია განაცხადის მარტივი ფორმა, მრიცხველის დაყენების საფასურს იხდის დაინტერესებული პირი დადგმული სიმძლავრის შესაბამისად და ენერგიის გამანაწილებელი კომპანიები მას უკვე ქსელთან აერთებენ.სწორედ ამიტომ უკვე 1 000 ერთეულამდე ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული ობიექტები გვაქვს, ძირითადად მზის ენერგიის მიმართულებით. ამასთან ამ ობიექტების დადგმულმა სიმძლავრემ ჯამში 80 მეგავატას გადააჭარბა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ენერგიით ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდება, ხოლო ნამეტი ენერგია, რაც დარჩება გადაედინება ქსელში და ავტომატურად ხდება ჩვენს მიერ დადგენილი წესით ამ სიჭარბეზე ანგარიშსწორება კომპანიის მხრიდან“. - აღნიშნა დავით ნარმანიამ.აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ საქართველოში ნეტო-აღრიცხვის მექანიზმი ამოქმედდა 2016 წელს, კომისიის მიერ მიღებული შესაბამისი დადგენილებით . თავდაპირველად დაშვებულ იქნა ინდივიდუალური მიერთებები, რამაც ბიძგი მისცა სამომხმარებლო დონეზე მიკროელექტროსადგურების მიმართ ინტერესს. მეორე ეტაპზე, 2019 წელს, კომისიამ განახორციელა ცვლილებები ზემოაღნიშნულ რეგულაციაში, რომელმაც გაითვალისწინა მომხმარებელთა ჯგუფის ერთობლივი ჩართვის შესაძლებლობა ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში, ხოლო 2020 წელს ასევე კომისიის გადაწყვეტილებით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მაქსიმალური დასაშვები დადგმული სიმძლავრე 100 კილოვატიდან გაიზარდა 500 კილოვატამდე.ნეტო-აღრიცხვის სისტემა ხელს უწყობს მომხმარებლის აქტიური ჩართვას საცალო ელექტროენერგეტიკული ბაზრის ფუნქციონირებაში.

ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა კიდევ გაიზარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა კიდევ გაიზარდა.ბოლო მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვაში ჩართულია 1459 სადგური, ხოლო ჯამური დადგმული სიმძლავრე 97 მეგავატს შეადგენს. მათ შორის, სს „თელასის“ ქსელში ჩართულია 378 სადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით 31 მგვტ, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში - 1081 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 66 მგვტ. სს „თელასის“ ქსელში საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ჩართულია 207 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 171 ელექტროსადგური. რაც შეეხება სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელს, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ჩართულია 621, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 460 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური.მომხმარებლებს შევახსენებთ, რომ განახლებადი ენერგიების გამოყენების მიზნით სემეკის მიერ დანერგილი რეგულაციების შესაბამისად, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების (მზე, ქარი, წყალი გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას.შეგახსენებთ, რომ ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული პროცესი გულისხმობს სემეკის სპეციალური ჯგუფის მიერ გამანაწილებელი ქსელების ადგილზე შემოწმებას და მდგომარეობის შეფასებას. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიებს გამოსასწორებელი ვადები დაუწესდებათ, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება. სემეკი, გამანაწილებელი კომპანიების მიერ შესრულებული ტექნიკური სამუშაოების შეფასების დროს ეყრდნობოდა დამოუკიდებელი ინსპექტირების აკრედიტებული კომპანიების აუდიტს. თუმცა, ერთ-ერთი ასეთი დამოუკიდებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აუდიტი არ აღწერდა  რეალურ სურათს და მოიცავდა უხეშ უზუსტობებს, არ ასახავდა კონკრეტულ ობიექტზე არსებულ ხარვეზებს, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყო სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი. აღნიშნული აკრედიტებული დამოუკიდებელი ინსპექტირების კომპანიის შესახებ სემეკმა მიმართა აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც ინსპექტირების კომპანიას აკრედიტაცია მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან შეუჩერდა. სემეკი მუდმივ მონიტორინგს უწევს რეგულირებად სექტორებში სამშენებლო, სარემონტო თუ სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესაბამისობას მოქმედ სტანდარტებთან, რომელიც დამტკიცებული/აღიარებულია საქართველოს მთავრობის მიერ. სემეკის მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირება კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს გამანაწილებელი ქსელების სარეაბილიტაციო პროცესსა და სამუშაოების დროულ, ხარისხიან შესრულებას.  

„ამ ეტაპზე ენერგეტიკულ ბირჟაზე 6 მონაწილეა რეგისტრირებული, ეს რაოდენობა გაიზრდება“ - ირაკლი გალდავა

„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი გალდავამ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების პირველი კვირა შეაფასა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ჯამში 6 მონაწილეა რეგისტრირებული, რომელთა რაოდენობის ზრდაც უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი. მისივე თქმით, მონაწილეები ბირჟაზე ადაპტირებასა და სტრატეგიების გადახედვას უახლოეს მომავალში მოახერხებენ.„ამ ეტაპზე ენერგეტიკული ბირჟაზე სულ 6 მონაწილეა რეგისტრირებული. ჩვენ ასევე გვაქვს კომუნიკაცია სხვადასხვა მონაწილესთან და მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.„ახლა ბირჟაზე რასაც ვაკვირდებით, არსებობს მზადყოფნა ელექტროენერგიის როგორც ყიდვაზე, ისე გაყიდვაზე. არის შესაბამისი განაცხადები განთავსებული, ხოლო შეთავაზებული რაოდენობები არც ისე მცირეა იმ მოდელიდან და მონაწილეების რაოდენობიდან გამომდინარე რაც ჩვენ ახლა გვაქვს. შეგახსენებთ, ჯერ გასულია ერთი კვირა ამოქმედებიდან და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო მოთელვითი პროცესი, ახალ შესაძლებლობებს ეცნობოდა ორივე მხარე, როგორც მყიდველი, ისე გამყიდველი. არ იყო მოსალოდნელი, რომ პირველივე დღიდან მონაწილეები დაიწყებდნენ სტრატეგიის შეცვლას, თუმცა შედარებით გრძელვადიანი პერიოდი შეიძლება იყოს საკმარისი გარკვეული დასკვნების გამოსატანად და შესაძლო ცვლილებებისათვის“. - აცხადებს ირაკლი გალდავა.აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ბირჟაზე ამ დროისთვის რეგისტრირებულია: „სს თელასი“, „შპს ლილო მოლი“, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, „შპს ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯია“, „შპს რიცულაჰესი“, „შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“.